ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ ბავშვებს ოჯახთან ერთად მასპინძლობს

სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე ვალდებულია, ჩვენს შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ოტიუმში" განაცხადა, სადაც "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ 23 ბავშვს პრემიერი ოჯახთან ერთად მასპინძლობს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველ რიგში სურს, მიულოცოს ყველა ბავვშვს დღევანდელი დღე.

"ძალიან ლამაზი დღეა. მინდა, ჩვენ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი. ჩვენ, სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე ვალდებული ვართ, რომ ჩვენ შვილებს მივცეთ უკეთესი მომავალი. დღეს არის ძალიან ლამაზი დღე - მე ვხვდები "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ ბავშვებს, მშობლებს და ვხედავთ, რომ გრძელდება სიცოცხლე და შევძლებთ მათ დახმარებას. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, ეს არის ძალიან კარგი საქმე და, როგორც უკვე ჩვენ ვამბობთ, სიკეთე არის გადამდები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობაში მონაწილეობს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეგროვდა ამ ფონდის მიერ და 112 ბავშვი დაფინანსდა. პრემიერის ინფორმაციით, აქედან ნახევარზე მეტს საზღვარგარეთ უმკურნალეს.

"მადლობა ღმერთს, ეს ბავშვები ყველანი იქნებიან ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1 ივნისსთან დაკავშირებით რესტორან "ოტიუმში" "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებულ 23 ბავშვს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, შვილებთან ერთად მასპინძლობს. ბავშვების გართობაზე ზრუნავენ მულტფილმებისა და ზღაპრის გმირები. ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბავშვებს პლანშეტურ კომპიუტერებს აჩუქებს.