ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა წარმოუდგენელია

ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა წარმოუდგენელია

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ოდესის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელია. ასე უპასუხა კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო, როგორ გაგრძელდება სამომავლოდ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, ეს არის უკრაინის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება.

"მე კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ იმას, რაც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ სუვერენული გადაწყვეტილებისა, რასაც უკრაინის ხელისუფლება იღებს და ეს არის მათი სუვერენული უფლება, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს, ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელიცაა და არც უნდა იდგეს დღის წესრიგში, ვინაიდან, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან, იმ მეგობრული, პარტნიორული ტრადიციული ისტორიული კავშირებიდან, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვს. არანაირმა სხვანაირმა ან რაღაც გადაწყვეტილებებმა არ უნდა იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე", - განაცხადა კერესელიძემ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაგრძელდება.

"უკრაინა დღეს მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინა არის ომის ვითარებაში, უკრაინას სჭირდება განვითარება, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და საქართველო, მისი ხელისუფლება, მისი ნებისმიერი შტო მზადაა ყოველთვის მათ გვერდზე დაუდგეს. ეს არის ჩვენი პასუხი", - განაცხადა კერესელიძემ.