"ფრანს-პრესი"- ისრაელის პრემიერი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე თანახმაა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იგი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე თანახმაა, - ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" იტყობინება. 

"მე ერთგული ვრჩები იმ იდეის, რომელიც ერთადერთი გზაა მშვიდობის მიღწევისთვის, ეს არის ორი ხალხისთვის ორი სახელმწიფოს კონცეფცია - დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფო, რომელსაც ისრაელი აღიარებს", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას. 

მისივე თქმით, პალესტინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. 

"ვფიქრობ, ერთადერთი გზა არის პირდაპირი მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, პალესტინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს გამოეთიშა", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. 

ისრაელის პრემიერმა 17 მარტის საყოველთაო არჩევნებამდე განაცხადა, რომ ის პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გამორიცხავდა, თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იგი თავის ძველ განცხადებებს დაუბრუნდა. 

ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებები გასული წლის აპრილში ჩაიშალა. პალესტინური მხარე აცხადებს, რომ ისინი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას 1967 წლის საზღვრებში ითხოვენ, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქი უნდა იყოს.