სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დარჩება მანამ, სანამ ჩადენილი ქმედებების გამო პასუხს არ აგებს

სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დარჩება მანამ, სანამ ჩადენილი ქმედებების გამო პასუხს არ აგებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის სწრაფად გადაწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რათა ეს საკითხი "სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდოს".     

ამის შესახებ წულუკიანმა "იმედის კვირაში" განაცხადა. წულუკიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ჯერ კიდევ აქვს, სანამ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო არ შეადგენს დასკვნას და არ მიმართავს პრეზიდენტ მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით.

"მე არ ჩავვარდებოდი ცაიტნოტში, იმიტომ, რომ ყველა ბერკეტი სააკაშვილმა მოგვცა ხელში. ბურთი ჩვენს მოედანზეა და ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ წყნარად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლებრივი პროცედურები და ამ წუთებში ირკვევა, როგორ წავა ჰააგაში სხვადასხვა პროცედურა და ასევე, არის ექსტრადირების საკითხი. იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დარჩება მანამ, სანამ სააკაშვილი არ აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებების გამო ქართული კანონის წინაშე.