პუტინის რეჟიმისთვის სერიოზული დარტყმაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა

პუტინის რეჟიმისთვის სერიოზული დარტყმაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის განცხადებით, პუტინის რეჟიმისთვის სერიოზული დარტყმაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა. როგორც გეწაძემ "იმედის კვირაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისთვის ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაზე დათანხმება სარისკო იყო, ვინაიდან ეს არის ფაქტობრივად ფრონტის ხაზი რუსეთთან და მეორეს მხრივ, საკმაოდ კორუმპირებული სისტემა. გეწაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით, სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს.

"მე მაინტერესებს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეს კომენტარი გააკეთა საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე თუ მეგობარი ქვეყნის გუბერნატორზე?! უკრაინელი და ქართველი ხალხი არიან მეგობრები და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ამ ქვეყნების მმართველი. უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლს ვერავინ ჩამოაგდებს, ასე იყო იანუკოვიჩის დროსაც. მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა ნაბიჯი არის გადადგმული იქითკენ, რომ მოხდეს ჩვენი სამშობლოს დეოკუპაცია და ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და უამრავი დინებებია ოდესის ოლქში და დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული დარტყმა პუტინის რეჟიმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ თანამდებობას დათანხმდა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ან სხვა პოლიტიკოსების კომენტარს, მე ამას ვერ ვუპასუხებ როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მე შემიძლია გითხრათ ჩემი აზრი ერთ ადამიანზე, ვინაიდან ის კერძო პირია – ბიძინა ივანიშვილზე. ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავი დაპირება გასცა ქართველ ხალხზე, შემდეგ გაიქცა სახლში, ისე, რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. მე დარწმუნებული ვარ, თუ ასე გაგრძელდა, ქართული პოლიტიკური სპექტრი გამოვა მისი გავლენიდან", - განაცხადა გია გეწაძემ.