პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის ქმედებას უღირსი საქციელი უწოდა

პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის ქმედებას უღირსი საქციელი უწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას უღირსი საქციელი უწოდა, - ამის შესახებ მარგველაშვილიმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.

სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.