ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაციის და 14 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აწერენ.
დოკუმენტში, რომლითაც ავტორები პარლამენტის წევრებს მიმართავენ, ჩამოყალიბებულია ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, კერძოდ, ხელმომწერი პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
"საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით, დაუყოვნებლივთ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1 პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს: "საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან", - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ მიღებულ დოკუმენტში, რომლითაც ისინი პარლამენტის წევრებს მიმართავენ.
ამასთან, მიმართვის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინიცირებული, რათა კონსტიტუციის შესაბამის ნორმა, 2016 წლის არჩევნებამდე გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს.