ირაკლი ჩიქოვანი - დღევანდელი საარჩევნო სისტემა არასამართლიანია

ირაკლი ჩიქოვანი - დღევანდელი საარჩევნო სისტემა არასამართლიანია

დღევანდელი საარჩევნო სისტემა იძლევა მარტო იმის საშუალებას, რომ პარლამენტში უმრავლესობით სახელისუფლო ძალები მოვიდნენ, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს ავლაბრის სასახლეში განუცხადა, სადაც საარჩევნო საკითხებზე პრეზიდენტის ინიციატივით კონფერენცია მიმდინარეობს. 

ჩიქოვანის განმარტებით, არსებული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია, რის გამოც "თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს.

"თავისუფალი დემოკრატები" შექმნის დღიდან ვითხოვთ, რომ ქვეყანაში გაუქმდეს საარჩევნო სისტემა და შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერის ადეკვატურ ასახვას პარლამენტში. დღევანდელი სისტემა არასამართლიანია და იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ სახელისუფლო ძალებმა უზრუნველყონ პარლამენტში საკუთარი მოსვლა უმრავლესობით ისე, რომ შესაძლოა მათ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

საარჩევნო საკითხებზე კონფერენცია ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, მას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.