თეა წულუკიანი: “საქართველო–თურქეთს შორის გაფორმებული ოქმის სრული გასაიდუმლოება აბსურდია“

თეა წულუკიანი: “საქართველო–თურქეთს შორის გაფორმებული ოქმის სრული გასაიდუმლოება აბსურდია“

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებს შორის მიმდინარე  მოლაპარაკების სამართლებრივ და მორალურ მხარეს ქართველი იურისტები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ესაა საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ზურგს უკან, კონსტიტუციის უგულებელყოფით მიმდინარე პროცესი.

კითხვებზე - რამდენად შესაბამისობაშია კანონთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი და მაქვს თუ არა ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების საფუძველი? მივმართე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს თეა წულუკიანს, რომელიც ამავდროულად “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილეა და ადვოკატ მამუკა ნოზაძეს.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 იანვარს შემდეგი კითხვები ჩავაბარე: 1.რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას? თუ მოეწერა, მაშინ, გთხოვთ მაცნობოთ, როდის და ვინ მოაწერა ხელი; 2.შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების პირობები? ხელისუფლების წევრების (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე) მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში 3 მუსულმანური ძეგლის რესტავრაცია და ბათუმში 1 მეჩეთის აშენება იყო გათვალისწინებული. 3.თუ ხელშეკრულების პირობები შეცვლილია, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ“.

აი, ამ კითხვებზე საგარეო სამინისტროს საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ირაკლი ქოიავამ მიპასუხა:

“საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი დღეის მდგომარეობით გაფორმებული არ არის. აღნიშნული ოქმის პროექტზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

რაც შეეხება ოქმის პირობებს, გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის “ა“ ქვეპუნქტისა და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის  4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“.

მაშ, ასე - კითხვაზე, რამდენად შესაბამისობაშია კანონთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი? თეა წულუკიანის პასუხი ასეთია:

“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ინფორმაციათა კატეგორიას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილის მიხედვით, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმი და მისი პირობები სახელმწიფო საიდუმლოებაა, ამ კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე “ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

არადა, ამ ქვეპუნქტის დებულება ეხება იმ ინფორმაციას, რომელიც საგარეო ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება, ეხება საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი წინასწარი გამჟღავნება ზიანს მოუტანს სახელმწიფო ინტერესებს.

ამ მუხლის საფუძველზე საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმის სრული გასაიდუმლოება აბსურდია, რადგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არის გამოცხადებული ის ფაქტი, რომ საზოგადოებამ იცოდეს მისი სახელით რა დათმობებზე წავიდა ხელისუფლება თურქეთთან მოლაპარაკებებში და შეიძლებოდა თუ არა, რომ მოლაპარაკებები თავიდანვე სხვა მიმართულებით წასულიყო, მოგვეთხოვა უფრო მეტი, ვიდრე მივიღეთ და ვიცოდეთ სხვა თუ არაფერი, რა მივიღეთ კონკრეტულად - თურქეთის ფულით დაფინანსებული მეჩეთი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთის საკუთრება იქნება? მეჩეთი თუ კულტურული ცენტრი? თუ მეჩეთია, იქნება თუ არა მოქმედი? როგორი კონსტრუქცია იქნება? ვინ უნდა იყოს არქიტექტორი - ქართველი თუ თურქი და ა.შ...

გარდა ამისა, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საკუთარი ხალხის ზურგს უკან გამართული მოლაპარაკების ხანა წარსულს ჩაბარდა და დემოკრატიული საზოგადოებები ამგვარი მოლაპარაკებების ხერხს არ მიმართავენ, საზოგადოებრივი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად“.

იმაზე, მაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრო, ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ გასაჩივრების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი მაძლევს, რომელშიც აღნიშნულია:

“საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.

მამუკა ნოზაძე: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი დაუსაბუთებელი და უკანონოა, იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მისი ინტერესის სფეროში შედის, რომელიც ეხება პირადად მას, ან რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს. კონკრეტულ შემთხვევაში ის საკითხი, რასაც თქვენ ითხოვთ, ეხება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ შეიძლება დამალოს ეს ინფორმაცია და აპელირება გააკეთოს საქართველოს კანონით “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით,  ვინაიდან ეს კანონები არის მიმდინარე, ჩვეულებრივი კანონები და მათზე იერარქიულად უფრო მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ ფარული გარიგების საფუძველზე თურქეთთან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოლაპარაკების დეტალები დაფარული და გასაიდუმლოებული არ იქნებოდა.

ამასთან, 9 თებერვალს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიისთვის აზრი არ უკითხავს, რაც არის 2002 წელს სვეტიცხოველში სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების უხეში დარღვევა. კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობების მოვლა-პატრონობისთვის“.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან 14 თებერვალს მიღებულ პასუხს ადმინისტრაციული წესით დღეს, 16 თებერვალს გავასაჩივრებ. აქვე მადლობას ვუხდი ადვოკატ მამუკა ნოზაძეს, რომელიც საჩივრის მომზადებაში მეხმარება.