ჯორჯ სოროსი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პიროვნებაა დღევანდელ მსოფლიოში. მას არ აკლია კრიტიკოსები როგორც თვით აშშ-ში, ისე საქართველოშიც. ერთნი მიიჩნევენ, რომ იგი ფილანტროპია, რომლისთვისაც მთავარია პროგრესული იდეების მხარდაჭერა, მეორენი მასონად, ყოველივე ეროვნულის მტრად და რევოლუციების სულისჩამდგელად მოიხსენიებენ.
პირადად სოროსისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ის არის, რომ მტრებიც და მოკეთეებიც მას მაინც ფულის ტომარად აღიქვამენ. არადა, მას პრეტენზია აქვს იმაზე, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი და პროგნოზი ძალუძს. უფრო მეტიც, მას მოაზროვნის, ფილოსოფოსის სახელი სწყურია. მისი ორი ნაშრომი - “გლობალიზაციის შესახებ” და “გლობალური კაპიტალიზმის რეფორმირებისას” - ამაზე ნათლად მეტყველებს.
ამონარიდები, რომელთაც აქ შემოგთავაზებთ, ცხადყოფს, რომ ჩვენებური “სოროსელების” იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო თავად სოროსის შეხედულებებთან. შესაძლოა სწორედ ამიტომაც იყო იგი უკმაყოფილო იმით, თუ რა მიმართულებით წავიდა ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” მუშაობა. ის, რომ გრანტები პირთა ვიწრო წრეზე გაიცემოდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მემარცხენე შეხედულებების ფილანტროპის ფულზე საქართველოში რადიკალური მემარჯვენე ფრთა მოღონიერდა, ეს კითხვა ქართულ საზოგადოებას არ დაუსვამს. მაშ ასე,
ამონარიდები ჯორჯ სოროსის ვრცელი ნაშრომიდან “გლობალური კაპიტალიზმის რეფორმირებისას”
კაპიტალიზმი და დემოკრატია აუცილებლად როდი დადიან ხელჩაკიდებული. მაგრამ მათ შორის არის გარკვეული კავშირი: ცხოვრების დონის ამაღლება და საშუალო კლასის ჩამოყალიბება წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომლებიც ასე თუ ისე ასტიმულირებს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ, აგრეთვე მეტი პოლიტიკური სტაბილურობისკენ. თუმცა ეს კავშირი ავტომატური არ არის. არცთუ იშვიათად საქმიანი წრეები, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო, მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ რეპრესიულ რეჟიმებს, რომლებიც არასოდეს თმობენ ძალაუფლებას საკუთარი ნებით. შესაძლოა, ყველაზე დიდი საფრთხე თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის დღევანდელ მსოფლიოში სწორედ სახელმწიფოსა და ბიზნესის არც თუ წმინდა კავშირისგან მომდინარეობს.
დემოკრატიული პროცესის ყველა გარეგანი ატრიბუტის შენარჩუნებით, სახელმწიფო ხელისუფლება ცალკეულ პირთა ინტერესებში მოქმედებს. დემოკრატიული საზოგადოებანი არც თუ ძალიან ინტერესდებიან სხვა ქვეყნების შიდა სახელმწიფოებრივი სიტუაციით: მათ, როგორც წესი, სხვა პრიორიტეტები აქვთ. მაგრამ ხალხი, რომელიც რეპრესიული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, გარედან დახმარებას საჭიროებს - და ზოგჯერ ეს დახმარება ადამიანების მხსნელი შეიძლება აღმოჩნდეს.
კაპიტალიზმმა წარმატებას მიაღწია მატერიალური სიმდიდრის შექმნაში, მაგრამ ნუ ინუგეშებთ თავს, - თავისთავად ეს სიმდიდრე არ უზრუნველყოფს თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მოტივაცია - მოგებაა. ბიზნესი არ ისახავს მიზნად ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დაცვას.
დღემდე ბატონობს შეხედულება, რომ ბაზარს შეუძლია იზრუნოს ყველა ჩვენს საჭიროებაზე. მე-19 საუკუნეში ამ რწმენას laissez-faire ეწოდებოდა, მე უკეთესი ტერმინი მოვუძებნე: საბაზრო ფუნდამენტალიზმი. საბაზრო ფუნდამენტალისტები დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ყველაზე უკეთ მაშინ არის დაცული, როდესაც აღიარებულია ყველა ცალკეული პიროვნების უფლება, მისდიოს საკუთარ პირად ინტერესს. ეს მართლაც მომხიბლავი იდეაა, მაგრამ მისი ჭეშმარიტება მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ვაღიაროთ. ბაზრები მშვენივრად არის მორგებული პირადი ინტერესების განსახორციელებლად, მაგრამ ისინი სრულიად არ არის მომართული საზოგადოებრივ სიკეთეზე ზრუნვისთვის.
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ყოველთვის სახელმწიფოს პრეროგატივა იყო. მაგრამ გლობალური კაპიტალისტური ბაზრის ექსპანსია თანდათან ზღუდავს ცალკეული სახელმწიფოების ძალაუფლებას. სახელმწიფოს უნარი, - შეასრულოს ინ ფუნქციები, რომელთა შესრულებასაც მისგან ხალხი მოელის, - მცირდება. ამაზე შეიძლება არც იდარდო, თავისუფალ ბაზარს მართლაც რომ შეეძლოს კაცობრიობის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს არ ხდება. ჩვენი კოლექტიური საჭიროებებისაგან განსხვავებით (როგორიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება, კანონი და წესრიგი, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, სოციალური სამართლიანობა), - საბაზრო ფასეულობანი გამოხატავენ არა საერთო ინტერესს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ერთი სუბიექტი თანახმაა გადაუხადოს მეორეს თავისუფალი გაცვლის პირობებში. აქედან დასკვნა: მხოლოდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს შეუძლიათ დაიცვან საზოგადოებრივი ფასეულობანი. თუნდაც იმ ვითარებაში, როცა ეს ინსტიტუტები გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია, ვიდრე საბაზრო. . .
საბაზრო ფუნდამენტალიზმი არ არის ერთადერთი პრობლემა. ასეთივე პრობლემაა ნაციონალური სუვერენიტეტისადმი საყოველთაო ერთგულება. შეერთებული შტატები ამ საკითხში სხვებზე უფრო მეტადაც სცოდავენ. დღეს, იმ პირობებში, როცა აშშ ერთადერთი ზესახელმწიფოა ყველაზე მძლავრი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით, იგი იმაზეც კი არის მზად, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, რაც მისთვის ახალ ბაზრებს გახსნის და კაპიტალდაბანდებებს დაიცავს, მაგრამ ამავე დროს აშშ გადაჭრით აღკვეთს მისი სუვერენიტეტის ნებისმიერ შეზღუდვას სხვა სფეროებში. აშშ ისწრაფვის, ჩაერიოს სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში, რათა თავს მოახვიოს მათ ის წესები, რომელთაც თავად არ ემორჩილება.
თუ აშშ საკუთარ თავს მაღალი პრინციპების დამცველად მოიაზრებს, სხვები მასში ძალაუფლებით აღჭურვილის ქედმაღლობას ხედავენ. შესაძლოა, ჩემი სიტყვები ვინმეს ეხამუშოს, მაგრამ, ჩემი რწმენით, საერთაშორისო საქმეებში ამერიკის ცალმხრივი (unilateralist) მოქმედების პრინციპი სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელს მსოფლიოში. ამავე დროს შეერთებულ შტატებს იოლად შეუძლია იქცეს მძლავრ პოზიტიურ ძალად, თუკი ამ პრინციპს მრავალმხრივი მოქმედების (multilateralist) პრინციპით შეცვლიდა.
სამწუხაროდ. აშშ-ის მიერ მრავალმხრივი მოქმედების პრინციპის მიუღებლობას გარკვეული საფუძველი აქვს. დღეს საერთაშორისო ინსტიტუტების უმრავლესობა ძალიან ცუდად მუშაობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი სახელმწიფოთა ასოციაციებს წარმოადგენენ, ხოლო სახელმწიფოს, როგორც კარდინალი რიშელიე ამბობდა, არ გააჩნია პრინციპები, - მხოლოდ ინტერესები აქვს. სწორედ ინტერესები განსაზღვრავს სახელმწიფოთა ქცევას საერთაშორისო ორგანიზაციებში. საერთაშორისო ბიუროკრატიას ახასიათებს სახელმწიფო ბიუროკრატიის ყველა ნაკლი, ოღონდ მრავალჯერ გაზრდილ მასშტაბში. საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა გაერო, უნივერსალური პრინციპების დასაცავად ნაკლებად გამოდგება.
დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ უფრო ეფექტიანად მუშაობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამოქალაქო საზოგადოება დაუჭერს მხარს. დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ალიანსი. და სამოქალაქო საზოგადოებას ხელეწიფება იმის გარანტირება, რომ სახელმწიფოები მის პრინციპებს უერთგულებენ. ამგვარ ალიანსს ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: პირველი - განამტკიცოს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ინსტიტუტები; მეორე - გააძლიეროს დემოკრატია ცალკეულ სახელმწიფოებში.
ამ პოლიტიკური ალიანსის წევრები უნდა გახდნენ აშშ, ევროკავშირი და კაპიტალისტური სამყაროს პერიფერიის დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა. ამერიკას არ უნდა ეშინოდეს ამგვარი ალიანსის თუნდაც იმიტომ, რომ მის გარეშე იგი ვერ იარსებებს.
გლობალურმა კაპიტალისტურმა სისტემამ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა სახელმწიფოები. უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის იზრდება. ხოლო სისტემა, რომელიც არ ტოვებს იმედს და არ ეხმარება წაგებულებს, უბიძგებს მათ სასოწარკვეთით ნაკარნახევი დესტრუქციული ნაბიჯებისკენ. ამგვარი სისტემა შეიცავს შიგნიდან რღვევის რისკს.
სამწუხაროდ, არსებული გლობალური ფინანსური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ნაკლებ იღბლიანი ქვეყნები მისგან მხარდაჭერას ვერ იღებენ. მეტიც, ამჟამინდელი ტენდენცია ისეთია, რომ დისკრიმინაცია მხოლოდ მატულობს.
დემოკრატიათა ალიანსს განსხვავებული ფორმები შეიძლება ჰქონდეს. ერთ-ერთი შესაძლებლობაა - ვცადოთ არსებული ინსტიტუტების რეფორმირება, როგორიცაა მსოფლიო ბანკი ან სულაც გაერო და მათ ჩარჩოში ვიმოქმედოთ. სხვა გზაა - საკუთარი მოქმედებების ორგანიზება არაფორმალური სახით კონკრეტული პრობლემების ან კონკრეტული ქვეყნების მიმართ. მაგრამ წარმატება ამ ალიანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ელის, თუ მისი წევრები შეთანხმებას მოახერხებენ. ამისათვის კი აუცილებელია საერთო წესების შემუშავება გლობალური ღია საზოგადოებისთვის.
2001 წელი