მაშ, რატომ იბრიქება მიშა?

მაშ, რატომ იბრიქება მიშა?

,,ძალიან ვინერვიულეთ თქვენზე. ეს გატაცების არც პირველი შემთხვევაა და, სამწუხაროდ, შეიძლება, არც ბოლო აღმოჩნდეს, ვიდრე იქ ბანდიტური უკანონობა გრძელდება ჩვენი მტრის ხელშეწყობით. ყველაზე მთავარი დღეს ისაა, რომ თქვენ აქ ხართ. ამაზე ფიქრი ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია. მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ არავითარი გამოსასყიდი არ გადაუხდია ვინმეს, არამედ მათ საკადრისი პასუხიც მიიღეს (თუმცა ყველა დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებთ)“ - ეს  სიტყვები პრეზიდენტმა გათავისუფლებულ ბერ-მონაზონს მასთან შეხვედრისას უთხრა. 

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საკადრისი პასუხი მიიღეს ბერ მონაზონის გამტაცებლებმა. როგორც სააკაშვილი ამბობს  ,,ყველამ  თუ არა, ამ ხალხის ერთმა ნაწილმა მაინც გაიგო და დანარჩენებსაც მოუყვებიან, რომ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხელყოფას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება პასუხი. და ჩვენი   მოქალაქეებს კი, „კბილებით“ დავიცავთ და ამისათვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ“.

მიუხედავად იმისა, რომ ბერ-მონაზონი თავისუფალია და ის მადლობა უხდის პრეზიდენტს და  ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მისი გათავისუფლებისათვის, დღემდე ბურუსითაა მოცული მისი, როგორც გატაცების, ასევე გათავისუფლების ისტორია. 

ბერ-მონაზონმა პრეზიდენტთან საუბარში განაცხადა, რომ მისი   დატყვევებისა და პატიმრობის დროს მიყენებული შეურაცხყოფის მიზეზი, მხოლოდ ერთი რამ - მისი ქართული წარმომავლობა იყო.

,,ეს დღეები მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება. მემახსოვრება ის, რომ ჩემს გვერდით იდგა ჩემი პრეზიდენტი და ჩემი სახელმწიფო... როცა მსგავს მდგომარეობაში იმყოფები, ხარ დატყვევებული, შეურაცხყოფას გაყენებენ და ამ დროს ვიღაც მოდის შენს დასახსნელად, ეს უდიდესი, ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ჯერაც არ გამოვსულვარ ამ მდგომარეობიდან - ყველაფერი დილით მოხდა... მსგავსი შინაგანი სიხარული მაშინ დამეუფლა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბიჭები დამხვდნენ და ტყიდან გამომიყვანეს“, - განაცხადა  მღვდელ-მონაზონმა პრეზიდენტთან შეხვედრისას...

ბერ-მონაზონ იონას (მამუკა მაისურაძის) გათავისუფლება  11 თებერვალს მოხდა.

ხელისუფლების კონტროლირებადი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ასოცირებული მედიასაშუალებები გვიმტკიცებდნენ, რომ ბერ მონაზონ მამუკა მაისურაძის გათავისუფლება სამართალდამცველების მიერ აფხაზეებისა და საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმატებული სპეცოპერაციით მოხერხდა. თუმცა შს სამინისტრო ირწმუნება, რომ არავითარი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა.

ქართველ სამართალდამცველებს ბერ-მონაზონ იონას გათავისუფლებისთვის სპეცოპერაცია არ ჩაუტარებიათ და მედიასაშუალებებმა, რომლებაც ამის შესახებ თქვეს ან დაწერეს, არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს -  პრესაგე.ტვ-ს ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

„არ ვიცი რომელმა მედიასაშუალებამ რა დაწერა ან, რა თქვა. სამინისტროს მხრიდან არავის უთქვამს, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა. ვთქვით, რომ ხორციელდებოდა ღონისძიებები ბერ-მონაზონ იონას გათავისუფლებისთვის. მისი გათავისუფლება სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად მოხერხდა“, - განაცხადა უტიაშვილმა.

საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებებს ბერ-მონაზონ იონას გათავისუფლების შესახებ უტიაშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა. სწორედ მან დასვა ეს საკითხი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხევდრაზე. ამ ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებში შს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ქართულ მხარეს წარმოადგენს.

ვერსიას, ქართველი სამართალდამცველების მიერ, აფხაზეთში, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად  ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ უარყოფს  ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი ლოურენს კოღონიაც და ქართველი სასულიერო პირის გაუჩინარების მისეულ ვერსიასაც გვთავაზობს:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ტერიტორიაზე არავითარი ღონისძიების ჩატარება არ შეუძლია. მეორეც, ბერ-მონაზონის აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა არ დასტურდება. დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე ყავდათ დაკავებული და თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გათავისუფლება შეძლო, ეს მათი უფლებაა, დეზინფორმაცია კი, იმის შესახებ, რომ ის აფხაზეთში იყო, მიზანმიმართულად გაავრცელეს“, - ამბობს კოღონია.

ინფორმაცია ბერ-მონაზონ იონას გაუჩინარების შესახებ იანვრის ბოლოს გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის აფხაზეთის ტერიტორიაზე ენგურის გავლით იანვრის შუა რიცხვებში გადავიდა. მას აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების მოლოცვა და ძეგლებისთვის ფოტოების გადაღება სურდა.

მოგვიანებით ნაციონალური არხებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვდელმსახური აფხაზეთში გაიტაცეს და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდის სახით 100 ათას დოლარს ითხოვენ.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აფხაზურმა მხარემ სასულიერო პირის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული კომენტარები გააკეთა. აფხაზეთში განდგომილ სასულიერო პირთა ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიამ თავიდან განაცხადა, რომ  ქართველი სასულიერო პირი აფხაზეთის ტერიტორიაზე არავის გაუტაცებია და  ის ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. თუმცა, აპლიამ ბერ-მონაზონის გაუჩინარებსთან აფხაზური მხარის რაიმე სახით კავშირი მალევე უარყო და თქვა, რომ გაუჩინარებულის მოძიების პროცესში აფხაზი სასულიერო პირებიც ჩერთვებოდნენ.

„ჩვენ აქტიურად ვცდილობთ გავიგოთ სად არის ის. ერთი ვერსიით ის დააკავეს, მეორე ვერსიით გაიტაცეს. აქტიურად ვმონაწილეობთ მის ძებნაში და ვიმედოვნებთ უახლოეს დღეებში გავარკვევთ მის ადგილსამყოფელს“, - აცხადებდა აპლია ქართულ მედიასთან საუბრისას 30 იანვარს.

მოგვიანებით ბერ-მონაზონ იოანეს  გათავისუფლების შემდგომ  ბესარიონ აპლია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ ბერი იოანე აფხაზეთში არ ყოფილა.

,,ის აფხაზეთში საერთოდ არ ყოფილა. ეს საერთოდ, რაღაც… ვიღაცამ პროვოცირება მოაწყო. ის საერთოდ არ ყოფილა აფხაზეთში. სად აღარ ვიკითხე. სიმართლე რომ გითხრათ,  სპეციალურად ჩავედი, ვიკითხე. აქ ის არავის არსად უნახავს. არ არსებობს ინფორმაცია, რომ ის აფხაზეთში იყო“, - აცხადებს ბესარიონ აპლია.