ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლის შემდეგ თვითმკვლელობების რაოდენობამ იმატა

ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლის შემდეგ თვითმკვლელობების რაოდენობამ იმატა

ქართველი ერის დაბერებაზე საუბარი დღეს გასაკვირი არაა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდები ფერტილურ, ანუ გამრავლების ასაკში უცხოეთში გარბიან, საქართველო მოხუცების ქვეყნად იქცა. მიტოვებული სოფლები ასაკოვანი ხალხის იმედითღაა დარჩენილი. თუ მეხუთე საუკუნის „შუშანიკის წამების“ ავტორი იაკობ ხუცესი წუხდა, რომ ქართლში ხანდაზმულ ასაკს ვერავინ აღწევდა („და მოხუცებული არავინ არს მათ ქუეყანათა“), რადგან საშინლად მცხუნვარე მზის,  ქარებისა და მომწამვლელი წყლების გამო დაავადებული და სახედასიებული მოსახლეობა ნაადრევად კვდებოდა, დღეს პირიქითაა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ერი დაბერებულია, რაც მისი გაქრობის წინაპირობაა.

Presage.tv-ს ესაუბრება დემოგრაფი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ თოთაძე:

„დღესდღეობით ოფიციალურ სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, საქართველოს ქალაქებში, სოფლებთან შედარებით, ორჯერ მეტია გარდაცვალების რიცხვი. სინამდვილეში, არ შეიძლება, მოკვდავობა ორჯერ მაღალი იყოს ქალაქად, ვიდრე სოფლად. როგორც წესი, სოფლად უფრო მეტია ხოლმე მოკვდავობა; კიდევაც რომ გაასწროს ქალაქმა მოკვდავობის დონით სოფელს, არ შეიძლება, ეს მონაცემი ორჯერ მაღალი იყოს. ოფიციალურ სტატისტიკას თუ ვენდობით, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე ქალაქად კვდება 14 ადამიანი, ხოლო სოფლად –შვიდი. როგორ შეიძლება ასე მოხდეს, როცა ქალაქად არის თავმოყრილი მთელი კარგი სამედიცინო ტექნიკა და სპეციალისტები?! 

იქნებ ეს იმის გამოა, რომ სოფლიდან ქალაქში ჩამოდიან?

– შესაძლოა, ასეთი რამ მოხდა, რომ, ვთქვათ, მცხეთიდან ვიღაც ჩამოვიდა და აქ სურს მკურნალობის ჩატარება, მაგრამ, თუ ის გარდაიცვლება, მაინც მცხეთას დაეწერება. ასევეა, დაბადების შემთხვევაშიც, მცხეთელი ბავშვი ქალაქად თუ დაიბადება, ის მაინც მცხეთას დაეწერება. მართალია, ის თბილისში დაიბადა, მაგრამ, სოფლის შობადობას ეწერება.

ასეთ სტატისტიკას სოფლებიდან ქალაქებისკენ დაძრული მიგრაციული ნაკადი ხომ არ განაპირობებს?

– რა თქმა უნდა, მიგრაციული ნაკადის გამო ირღვევა ასაკობრივი სტრუქტურა, მაგრამ ეს სტრუქტურა თბილისშიც ხომ დარღვეულია?! თბილისადანაც ხომ გარბიან უცხოეთში?! და ვინ გადის ქალაქებიდან?! – სწორედ ახალგაზრდები 20-დან 45 წლამდე. ამიტომ, როცა ასაკობრივი ჯგუფები შევადარეთ სოფლად და ქალაქად, დიდი განსხვავებები არ არის. აქედან გამომდინარე, ოფიციალური სტატისტიკა მიიღეს არასწორი აღრიცხვის შედეგად, სადაც ქალაქებისთვის ხელოვნურად გაზარდეს შობადობისა და მოკვდავობის მაჩვენებელი. 2020 წლისთვის ძალიან მცირე რაოდენობის ახალშობილი დაიბადება და, ამავე დროს, გაიზრდება მოკვდავობა, რადგან მთელ მოსახლეობაში უკვე მეტი იქნება ხანდაზმული მოსახლეობა, სადაც მოკვდავობის ალბათობა მეტია. თუ ამას კიდევ მიგრაციულ კლებასაც დავუმატებთ, საშინელი მდგომარეობა იქნება.

ვარდების რევოლუციის შემდეგ თვითმკვლელობის ფაქტებმა იმატა?

– თვითმკვლელობა, საერთოდ, ძალიან დაბალია კავკასიაში და, მათ შორის,  საქართველოშიც. ხანდახან ამბობენ ხოლმე, ამდენი ადამიანი კვდება და იმდენიო. სინამდვილეში, ეს იანგარიშება ყოველ ასი ათას კაცზე. ხოლო საქართველოში ყოველ ასი ათას კაცზე 2-3 კაცი ამთავრებს ხოლმე თვითმკვლელობით სიცოცხლეს. მაშინ, როცა რუსეთში ამან 40–ს მიაღწია. ასევე, დასავლეთ ევროპაში – 20–ს. საქართველოში თვითმკვლელობის შემთხვევები შევარდნაძის დროსაც დაბალი იყო, მაგრამ ახლა, ბოლო წლებში, ის დაბალი მონაცემებიც უკვე გაიზარდა. თუ იყო 2-3 ადამიანი, ახლა 4-5 გახდა.

თვითმკვლელობის ფაქტების მატებას რით ახსნით?

– აქ უამრავი სხვადასხვა ფაქტორია. ნაციონალების მოსვლის მერე ჩვენში უფრო მაღალია თვითმკვლელობის დონე, ვიდრე წინა წლებში. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი სოციალური და ეკონომიკური გარემოა. რუსეთში თვითმკვლელობის მატებაზე გავლენას ალკოჰოლური სასმელები ახდენს. ამას ემატება ნარკომანია, ეკონომიკური პირობები, როცა ადამიანს არაფერი აქვს, ახალგაზრდებში სიყვარულის ნიადაგზე ხდება ეს ფაქტები.

დასავლეთში ცხოვრების დონე ხომ მაღალია და იქ რატომ გახშირდა თვითმკვლელობის შემთხვევები?

– ცხოვრების დონე მაღალი კი არის, მაგრამ ახლახანს ამერიკაში გამოკვლევა ჩაატარა გელაპის ინსტიტუტმა. ამერიკელებმა აღიარეს, რომ 2008-2009 წელს ამერიკელი ქალების გარკვეულმა ნაწილმა თავი შეიკავა ბავშვის გაჩენისგან და მიზეზად ქვეყანაში არსებული კრიზისი დაასახელა – მართალია, ამერიკელები დიდ ხელფასებს ვიღებთ, მაგრამ ოჯახურ ბიუჯეტში დიდია დანახარჯი ბავშვის გაზრდაზეო. დიდი ხელფასი რომ აქვთ, იმის ნახევარი მიაქვს ბავშვს, ამიტომ მათ გადაავადეს ბავშვის დაბადება და ამერიკაში 70 ათასით ნაკლები ბავშვი დაიბადა. აქაც, საქართველოში, ბავშვი რომ იბადება, მთელი ხელფასი მის გაზრდას მიაქვს.

ჩვენმა პრეზიდენტმა კი გამოაცხადა, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა კრიზისი იყო, შობადობა შემცირდა და ახლა შობადობა ისევ იზრდებაო, მაგრამ, სინამდვილეში, ეს პირიქითაა. სწორედ 2008 და 2009 წელს, როდესაც ომი და კრიზისი იყო, თავად ოფიციალური მონაცემებითვე, ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა, რაც ბოლო ოცი წელია არ დაბადებულა. ახლა კი, ბოლო წელს, 5-6 ათასით შემცირდა შობადობა.

შობადობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, თუ როგორი იქნება შემდგომში დემოგრაფიული ვითარება ქვეყანაში. ხელისუფლების მონაცემებითვე, 2008 წელს დაიბადა 56 ათასი ბავშვი, 2009 წელს – 63 ათასი ბავშვი; მაგრამ შემდეგ დაიწყო კლება, ეს კლება 2010 წელს 62 ათასი იყო, ხოლო 2011 წელს, გასულ წელს, სამოქალაქო რეესტრზე დაყრდნობით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა, რომ საქართველოში დაიბადა 56 ათასი ბავშვი, ე.ი.  2009 წელთან შედარებით, მთელი 7 ათასით შემცირდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით– შემცირდა 6 ათასით. გარდა ამისა, შემცირდა, აგრეთვე, ქორწინებათა რაოდენობა, თუ იყო 34 ათასი 2010 წელს, ახლა დაქორწინდა 30 ათასი.

საერთოდ, შობადობა ძალიან დიდი იყო 80-იან წლებში, მერე ეს შემცირდა და მინიმუმამდე დავიდა, კრიზისულ სიტაციას მიუახლოვდა. 1980-89 წლებში, ანუ ათ წელიწადში დაიბადა 455 ათასი გოგონა, ხოლო ბოლო ათ წელიწადში – 2000-2009 წელს დაიბადა 238 ათასი გოგონა. ახლა ბავშვი რომ იბადება, ეს რიცხვი ცოტა მაღალი სწორედ იმ გოგონების ხარჯზეა, რომლებიც 80-იან წლებში გაჩნდნენ, რადგან ახლა ხდებიან ისინი დედები. როცა ეს 238 ათასი გოგონა დედა გახდება, დაიბადება ამის ნახევარი. ამიტომ არ შეიძლება, ხელისუფლებას ასეთი აღრეული სტატისტიკური მონაცემები ჰქონდეს. თავიდანვე ვამბობდი, რომ არ შეიძლებოდა, ერთ წელიწადში, ვთქვათ, 2007-ში შობადობა 49 ათასი ყოფილიყო, მერე უცბად მოემატებინა კიდევ 7 ათასით და შემდეგ კიდევ 7 ათასი მოემატებინა.

ჩვენ ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ, რომ ერთ წელიწადში არ შეიძლება შობადობის 7 ათასით მომატება. მართლაც, თუ გადავხედავთ ისტორიას, 1950-იანი წლებიდან დღემდე, არცერთი წლები არაა ისეთი, რომ შობადობას 7 ათასით მოემატებინოს. როგორც წესი, იმატებს ერთ ან ორ ათასს, ამიტომ ახლანდელი სტატისტიკა მაამებლური სტატისტიკაა. სადამდე გაზრდი მონაცემებს? ახლა, მილიონს ხომ არ დაბადებ? ჩვენ რამდენიც ვართ და როგორი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურაც აქვს საქართველოს მოსახლეობას, იმის გათვალისწინებით, არ შეიძლება უბრალოდ, ამ მოსახლეობამ 2009 წელს დაბადოს 63 ათასი ბავშვი. ეს არ არის სწორი. ახლა, როცა ავტეხეთ ამბები, ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდიან. მართალია, ხელისუფლებამ რიცხვი 63 ათასი აჩვენა, მაგრამ სხვა დემოგრაფიული მონაცემებიც არსებობს, რომლებიც აბსოლუტურად აბათილებს ამათ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კვლევებს გულისხმობთ?

– არა, სხვა მონაცემებს, რასაც აქვეყნებს იგივე ოფიციალური სტატისტიკა; ისინი არ არიან კარგი სპეციალისტები, ამიტომ  გამოაქვეყნეს და აჩვენეს, თურმე როგორ გაიზარდა და 63 ათასი გახდა შობადობა, მაგრამ სხვა მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ასე არ შეიძლება მოხდეს. მაგალითად, როგორც წესი, ყოველ ას გოგონაზე იბადება 104-106 ვაჟი. ახლა თურმე დაბადებულა 127, ასეთი რამ კი მსოფლიოში არ არსებობს. ამით სულ აღრეულია ყველაფერი, ვეღარ ვიგებთ რეალურ მონაცემებს, ისიც აღარ შეგვიძლია, უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა ნორმალურად დავსახოთ.

თქვენ აცხადებთ, რომ ცივილიზაცია შობადობის შემცირებას იწვევს? გულისხმობთ კომპიუტერს, ვირტუალურ ცხოვრებას?

– ესეც იწვევს, მაგრამ, რაც უფრო განათლებულია ერი, მით უფრო ნაკლებია შობადობა. ადრე ადამიანის მთავარი ფუნქცია იყო, ოჯახში რაც შეიძლება მეტი შვილი გაეჩინა, რადგან ოჯახისათვის ის იყო ეკონომიკური დამხმარე. დღეს უკვე, ცივილიზებულ სამყაროში, დედას უნდა, თავისივე პროფესიული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, ავიდეს კარიერის უფრო მაღალ კიბეზე, მეტი თავისუფალი დრო გამონახოს. გარდა ამისა, თუგინდ, ძალიან განვითარებული ქვეყნების შემთხვევაშიც,  როგორიცაა დასავლეთი ან ამერიკა, ეკონომიკური სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, იყოლიონ ძალიან ბევრი ბავშვი. მართალია, მათ დიდი ხელფასები აქვთ, მაგრამ ოჯახის ბიუჯეტის უზარმაზარი ხარჯები მიდის ბავშვთა მოვლასა და აღზრდაზე. ეს ფაქტორები განაპირობებს, რომ საბოლოო ჯამში, განვითარებულ ქვეყნებში ძალიან შემცირდა მოსახლეობა.