წმინდა სინოდის სხდომა 25 მაისს გაიმართება

წმინდა სინოდის სხდომა 25 მაისს გაიმართება

25 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ფაქტი პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა. წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ უცნობია. სხდომის დასრულების შემდეგ კი, ტრადიციულად, სხდომის განჩინება მედიისთვის ცნობილი გახდება.

სავარაუდოდ, წმინდა სინოდის სხდომაზე ნიკორწმინდის ეპარქიისთვის ახალი მღვდელმთავრის გამორჩევის საკითხზე იმსჯელებენ, რადგან მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ არის.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმინდა სინოდის სხდომა პირველად იმართება. წინა სხდომა გასული წლის 23 დეკემბერს ჩატარდა.