კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი პროკურატურიდან მის გათავისუფლებას თეა წულუკიანის პირად ინტერესს უკავშირებს.
გრიგალაშვილმა "ინტერპრესნიუსსთან" კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა, არა საკუთარი, არამედ იუსტიციის მინისტრის პირადი ინტერესის საფუძველზე მიიღო.
ამასთან, გრიგალაშვილი აცხადებს, სულხან მოლაშვილი არ უწამებიათ და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერია.
"ერთადერთი მოტივი, რის გამოც ინტერვიუს გაძლევთ, არის ის, რომ ახლა მაინც იყოს დაცული პროკურორის ურთულესი, ამავე დროს სახიფათო საქმიანობა, რომ მომავალში სასჯელმოხდილ ჩინოვნიკებს, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩაფლული და ძირს უთხრიდნენ სახელწიფოს, აღარ მიეცეთ საშუალება, ავნონ იმ პროკურორებს, რომლებიც მათ საქმეებს იძიებდნენ, ან საპროკურორო ზედამხედველობას უწევდნენ. ამის ნიადაგზე, პროკურორები არ უნდა ჩამოაშორონ იძულებით იმ საქმიანობას, რასაც მთელი ცხოვრება კეთილსინდისიერად ემსახურნენ.
გათავისუფლების მოტივი ჯერ იყო თითქოს მოლაშვილის საქმე, როდესაც მე ვუთხარი, რომ მოლაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მის მიმართ განაჩენი გამოტანილია ობიექტურად, როდესაც 3 მილიონზე მეტი თანხის არამიზნობრივად ხარჯვა და მითვისება დაედო ბრალად. თუ 10 და 20 ლარის გამო მიეცემიან ადამიანები პასუხისგებაში, რატომ არ უნდა მიცემოდა პასუხისგებაში ის, ვინც მილიონები შეჭამა და მოიპარა. ჩვენ გავაკეთეთ და, თუ ვინმეს სხვა პრეტენზია და მოსაზრება გააჩნია, გამოიძიონ ხელმეორედ. ყოველ შემთხვევაში, ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი როდესაც წავიდა, მითხრეს, რომ მოლაშვილის საქმე მაინცდამაინც შუაში არ იყო, პოლიტიკური სიტუაციაა ასეთიო, მითხრეს და უნდა დაწერო განცხადებაო", - აღნიშნა ვალერი გრიგალაშვილმა.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იყო თუ არა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის პირადი გადაწყვეტილება, გრიგალაშვილმა აღნიშნა, რომ ასე არ ყოფილა.
"ბადაშვილი, მინდა გითხრათ, რომ მართლაც წესიერი კაცია. გაზრდილია იურისტის ოჯახში. მამამისი იყო არაჩვეულებრივი პროკურორი, რომელთანაც მე სტაჟირება გავიარე. დიღმის პროკურატურაში მუშაობდა. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი ყავს და შესვენებაზე სულ მაგათთან ვიყავით, ოჯახის წევრივით ვიყავი მის ოჯახში. ერთი პროცენტი არ არსებობს, რომ ბადაშვილს ასეთი მოსაზრება ჰქონოდა თავში. მოლაშვილი ჯიუტად ამბობდა, რომ მისი ხელისუფლება მოვიდოდა. მე არ მეგონა, თუ ხელისუფლებაში ვინმე ასეთ დონეზე დავიდოდა. მოლაშვილთან ერთად, ე.წ. რეზბალნიცაზე სასჯელს იხდიდა ერთ-ერთი პირი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა წულუკიანის ძალიან ახლობელი , როგორც ვიცი, ამ ადამიანის წყალობით, მომხსნეს. მან შეუსრულა მოლაშვილს დანაპირები, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა თავისი პიროვნული ინტერესები დააყენა. ჩემი სამსახურიდან წამოვლის მიზეზი ეს გახდა", - განაცხადა გრიგალაშვილმა.
მისი თქმით, ის, რომ სულხან მოლაშვილი დაკავების შემდგომ აწამეს, სიმართლეს არ სეესაბამება.
"მოლაშვილმა 9 წლის განმავლობაში ხალხში ჩანერგა, რომ აწამეს. ამბობს, რომ "კაპეზეში" აწამეს, არავის არ უწამებია. გამოძიებამ ეს დაადგინა. ამ პერიოდში, მასთან ერთად იყო მისი ძმა - მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის ყოფილი უფროსი. როდესაც ადამიანი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადადის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იქ გადის კომისიას, - პატარა დაზიანებაც რომ ჰქონდეს, ხდება მისი აღწერა, რომ დაზიანებაა აღმოჩენილი და უნდა იქნას გამოძიებული. მოლაშვილი შემოწმდა და არავითარი დაზიანება არ აღმოაჩნდა. გავიდა 3-4 თვე და შემდეგ აცხადებდა, რომ ის აწამეს. ჩემს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ დაადგინა, რა ვითარებაში მიიღო ამ კაცმა დაზიანება. ჩემი აზრით, ის არის თაღლითი და ამ პრინციპით, თითქოს ვინმემ აწამა, პასუხისმგებლობასაც თავი დააღწია - 3 წელი იჯდა მხოლოდ ციხეში და ახლა საფრანგეთშიც მშვენივრად ცხოვრობს. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი საქმის ზედამხედველი პროკურირი - მე უსამსახუროდ დავეტოვებინე. ეს შეძლო, დამტოვა უსამსახუროდ", - განაცხადა გრიგალაშვილმა.
ასევე მისი თქმით, მოლაშვილთან დაკავშირებით, ევროსასამართლოში რის ფასად გაიგზავნა წერილი, სადაც სახელმწიფომ აღიარა მოლაშვილის წამების ფაქტი, გასარკვევია".
"წულუკიანს და მის გარემოცვას მოლაშვილის წინააღმდეგ საქმის ყდაც კი არ ჰქონდათ ნანახი, ისე გააგზავნა წერილი ევროსასამართლოში. გაზაფხულზე გაიგზავნა საქმე, შემოდგომაზე პასუხი მოვიდა და მერე დაიწყეს საქმის ძებნა. არ აღმოჩნდა არც ქალაქის პროკურატურაში, არც რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში და აღმოაჩინეს ერთ-ერთი დეპარტამენტის პროკურორის სეიფში შემთხვევით. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ თუ საქმე ნანახი არ გაქვს, როგორ აგზავნი აღიარებით წერილს. ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, რატომ იყო თეა წულუკიანი ასე მწარედ დაინტერესებული ამ საქმით. ათასობით ადამიანი ჩივის, რომლებიც აწამეს და არ გაგზავნილა მსგავსი წერილი", - განაცხადა ყოფილმა პროკურორმა.
მისი თქმით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჯერ არ დაუკითხავთ.
ამასთან, ვალერი გრიგალაშვილმა განმარტა, რომ 2006 წლის შემდეგ, აფხაზეთის პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.