საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისთვის გაუგებარია, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად მაინც და მაინც გრიგორი კარასინი რატომ დაინიშნა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა კარასინის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"რაც შეეხება იმას, კარგია თუ არა, რომ კარასინი დაინიშნა, რა თქმა უნდა სხვა გადაწყვეტილების მიღება ჯობდა, ვინაიდან ეს ადამიანი უშუალოდ არის ჩართული იმ მიმართულებაში, რომ ეს ყინული რაღაცნაირად გალღვეს. მაინც და მაინც მისი კანდიდატურა რატომ იქნა შერჩეული, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება კარასინ-აბაშიძის ფორმატს, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი ძალიან სასარგებლოა. "ზოგადად, რუსეთთან დიალოგი რომ საჭიროა, ამაზე მგონი დავა ზედმეტია. ის, რომ ქვეყანას ელაპარაკო, მგონი სჯობს იმას, რომ არ ელაპარაკო. თუნდაც როგორც შენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევს, მაინც სჯობს ელაპარაკო, ვიდრე არ ელაპარაკო", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
განკარგულების შესაბამისი დოკუმენტი ოფიციალურად უკვე გამოქვეყნდა. რუსეთმა ცხინვალთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ე.წ. შეთანხმება 2015 წლის 18 მარტს გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი მხარეებს შორის საერთო თავდაცვითი სივრცის შექმნას, საბაჟო მომსახურების ინტეგრაციას, საზღვარზე თავისუფალ მიმოსვლას და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ხელფასებისა და პენსიების გაზრდას ითვალისწინებს.
მსგავსი სახის შეთანხმება მოსკოვმა გასულ წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.