ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ–ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძის დანიშვნის საკითხი შეითანხმა. აღნიშნული თხოვნით მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ დაამტკიცა. ზაზა აბაშიძე არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად. ზაზა აბაშიძე იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩეველი და საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. მას სტაჟირება გავლილი აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით კი–რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში. ზაზა აბაშიძე არის ასოცირებული პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა, კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს. თამარ სანიკიძის ინფორმაციით, შეთანხმების ნაწილი დასრულდა, პრემიერ-მინისტრმა კანდიდატურა შეითანხმა, რაც ნიშნავს, რომ მინისტრს ცენტრის დირექტორის დანიშვნა შეუძლია.

"გუშინ პრემიერ-მინისტრთან გავაგზავნეთ კომისიის ოქმი და შუამდგომლობის წერილი და დღეისათვის პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს, რომ დღეს დასრულდება ორდღიანი სააპელაციო პერიოდი. ხვალ მე უკვე შევძლებ, რომ შეთანხმების შესაბამისად, ახალი დირექტორი დავნიშნო", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, ზაზა აბაშიძეს ცენტრში წარადგენს და ახალი ხელმძღვანელი მუშაობას ხვალიდან შეუდგება.