საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კინოსტუდია "ქართული ფილმის" მმართველი , რომელიც წარადგინეს, არის დროებითი მმართველი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ფილმის" ხელმძღვანელად ნატო კვინტრაძის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
"კულტურის მინისტრთან ერთად შევხვდით კინოსტუდია "ქართული ფილმის" დღეევანდელი ბორდის წარმომადგენლებს. მათ განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია. ასევე შევხვდით ყოფილ აქციონერებს, რომლებიც დავობენ წართმეული წილის შესახებ. ჩვენ ორივე მხარეს განვუმარტეთ პოზიცია. ჩვენ ვთვლით, აბსოლუტურად არასწორია ის, რომ კინოსტუდია "ქართული ფილმი" იმართებოდეს სახელმწიფოს ასეთი დონის ჩარევით. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ, რომ მათ მოიპოვონ მანდატი კინემატოგრაფისტთა კავშირის მხრიდან. ეს არის ყველაზე წარმომადგენლობით ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია ამ დარგის ყველა წარმომადგენელი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მათ მიერ წარდგენილ დროებით მმართველს, მინისტრის განცხადებით, ის სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში შეასრულებს ძალიან ელემენტარულ, საბუღალტრო და ტექნიკურ პროცედურებს.
"საუბარია იმაზე, რომ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა კინოსტუდია "ქართული ფილმის" აქტივების მართვის კონცეფციაზე და მმართველი გუნდის შერჩევაზე. პირობას გაძლევთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არ ვაპირებთ ჩარევას არანაირ ამ გადაწყვეტილების მიღებაში და მთლიანად გვინდა, რომ მანდატი გადავულოცოთ კინემატოგრაფისტთა კავშირს. ამის მერე საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ან გასხვისებას აპირებს ან რაიმე ფორმით აპირებს ეს ადამიანები დატოვოს თამაშგარეთ, ყველანაირ რეალობას და საფუძველს არის მოკლებული", -განაცხადა კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ მოხდა მმართველად მერაბ კოკოჩაშვილის წარდგენა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სურს კიდევ ერთხელ დაადასტუროს მისი პატივისცემა მერაბ კოკოჩაშვილის მიმართ.
"ჩვენი სურვილია, რომ კინოსტუდია "ქართული ფილმის" მართვის კონცეფცია და გუნდი შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით. რამდენჯერაც მოხდა სახელმწიფოს ჩარევით შერჩევა მმართველი გუნდის, იმდენჯერ გამოწვია წინააღმდეგობა თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლებს შორის. მმართველი საბჭო დღეს არის დანიშნული ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რაც, ჩვენი აზრით, არის არასწორი, სწორედ ამის გამოსწორება გვინდა, რომ საბჭოც და დირექტორიც შეარჩიოს კინემატოგრაფისტთა კავშირმა საუკეთესო კონცეფციის და მმართველი გუნდის გამოვლენის გზით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.