ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჰუალინგ ჯგუფის კომპანია შპს GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD დირექტორმა სიაოწინ შაომ მოაწერეს. როგორც ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, კომპანია ჰუალინგ ჯგუფის შვილობილ კომპანია "ჰუაშუნთან" საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება ქუთაისში 36 ჰექტარ ტერიტორიაზე თავისუფალი ინდისტრიული ზონის შექმნის შესახებ. კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ის, რომ ინვესტორი კომპანია განახორციელებს 40 მილიონი დოლარის ინვესტირებას ამ ტერიტორიაზე.
"შეიქმნება არაერთი საწარმო, ისეთები როგირცაა ხე-ტყის გადამამუშავებელი, ავეჯის საწარმოები, საფეიქრო, ქვის გადამუშავება და ა.შ. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მინიმუმ 75% უნდა იყოს დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ხელშეკრულება პირდაპირ პასუხობს იმ სულისკვეთებას საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაფართოების და განვითარების, რომელიც არაერთხელ გამოიხატა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებით.
"მოხარული ვარ, რომ ეს ინვესტორი რომელიც შარშან III კვარტლის მონაცემებით დაფიქსირდა როგორც ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. საქართველოს მთავრობა მზად არის ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ სულისკვეთებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.