გუდაურში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

გუდაურში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

22-23 მაისს გუდაურში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის გასვლითი სხდომა გაიმართება.

შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის "მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში ჩატარება და მას ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა კობახიძე, სამუშაო ჯგუფის წევრები და მოწვეული ექსპერტები: ზაქარია ქუცნაშვილი, ელისო ჩაფიძე, შალვა შავგულიძე, ლევან ბეჟაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, გიორგი კანდელაკი, ლევან ბოძაშვილი, მინდია უგრეხელიძე, ზაზა ხატიაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ვახუშტი მენაბდე, გიორგი დავითური, გიორგი ხოკერაშვილი, კახაბერ წერეთელი, ევა გოცირიძე, თამარ ჯუღელი, ვახრტანგ ძაბირაძე, მარინა კვაჭაძე და ვასილ გონაშვილი.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართება შემდეგ საკითხებზე: ვენეციის კომისიის ანგარიში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ, ნაწილი პირველი - მოსამართლეთა დამოუკიდებლობა; მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა-არჩევის წესი, ვადები, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და მათი დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები; მთავარი პროკურორის არჩევის-დანიშვნის წესი, პროკურატურის ორგანოების ქვემდებარეობის და ანგარიშვალდებულების საკითხი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მიმართებაში;

"რეალური" ინდივიდუალური საკონსტიტუციო სარჩელი, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმი; ვენეციის კომისიის კვლევა საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაზე ინდივიდუალური წვდომის შესახებ - მიღებულია ვენციის კომისიის 85-ე პლენარულ სესიაზე;

პროექტი დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.