"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ნავთობროდუქტებზე ფასების მატებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით საწვავის ღირებულება, ბარელი ნავთობის ფასთან მიმართებაში, სრულიად არაადეკვატურია.
დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობას წინასაარჩევნო სპეკულაციები გაახსენა, როცა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წევრების ნავთობროდუქტებიდან მიღებული მოგების შესახებ საუბრობდნენ.
„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ნავთობპროდუქტების ფასებს უკავშირდება. თქვენ გახსოვთ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების სპეკულაციები, ტყუილები, როდესაც ისინი მოსახლეობას ნავთობზე ფასის გაიაფებას ჰპირდებოდნენ. საუბრობდნენ რაღაც აბსურდულ 1 ლარზე, რომელიც თითქოსდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეებში მიდიოდა. განვლილმა სამმა წელმა საპირისპირო დაგვანახა - რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ ამ უნიათო ხელისუფლებას ამის აღიარება არ შეუძლია. ისევე როგორც იმის ახსნა, თუ რასთან გვაქვს საქმე.
მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ კონკრეტული ციფრები, ვინაიდან ნავთობის მსოფლიო ფასი არის კორელაციაში დღევანდელ ფასებთან ჩვენს ბენზინ გასამართ სადგურებზე. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 17 მაისამდე ავტოგაზის ღირებულება შეადგენდა 1,13 – 1,15 ლარის ფარგლებში, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით ის გაძვირდა და 1,23 – 1,25 ლარია. ასევე, გაძვირდა ბენზინი და არის არაადეკვატური იმ ფასისა, რა ფასიც ბარელი ნავთობი ღირს. 2009 წლის ივნისის თვეში, როდესაც ბარელი ნავთობი ღირდა 68 დოლარი, საქართველოს ბენზინ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება შეადგენდა: პრემიუმი - 1,37 ლარი; რეგულარი - 1,28 ლარი; დიზელი - 1,15ლარი; დღეს, როდესაც ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ღირს იგივე 68 დოლარი, ბენზინი ფასი შეადგენს : პრემიუმი - 2,04 ლარი; რეგულარი 1,91 ლარი; დიზელი - 2,02 ლარი;
ვთხოვ საქართველოს უნიათო პრემიერმინისტრს და კალაძეს, აუხსნან მოსახლეობას, თუ ასეთი ფაქტი დასაშვებია, მაშინ რატომ არის ეს ერთ-ლარიანი სხვაობა და ვის ჯიბეში მიდის აღნიშნული თანხა - მთავრობის, ბენზინის იმპორტიორების თუ რომელიმე კონკრეტული ადამიანის? აქ საუბარია არა ვირტუალურ ერთ ლარზე, რომლის ,,მოპარვასაც“ ისინი გვაბრალებდნენ, არამედ კონკრეტულ მონაცემზე - 2009 წელს, როდესაც ბარელი ნავთობის ღირებულება 68 დოლარს, ხოლო ბენზინი 1,37 შეადგენდა, ახლა იგივე 68 დოლარის პირობებში რატომ ღირს 2, 04 ლარი?“, _ განაცხადა მაჭავარიანმა