აზიმ სადიკოვი:   საქართველოს მსგავსად, ლარსაც ნათელი მომავალი აქვს

აზიმ სადიკოვი: საქართველოს მსგავსად, ლარსაც ნათელი მომავალი აქვს

საქართველოს მსგავსად,  ლარსაც ნათელი მომავალი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა BPN-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში გარე შოკებისადმი საუკეთესო რეაგირებაა ლარის მცურავ და საჭიროებისამებრ, გაუფასურების რეჟიმში შენარჩუნება.

"ამით იქმნება იმის შესაძლებლობა, რომ გაცვლითმა კურსმა შეისრუტოს შოკის უმეტესი წილი და რეალური ეკონომიკა ზეწოლისგან დაიცვას, თუმცა ისეთ ძალზედ დოლარიზებულ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გაუფასურება მეტწილად გულისხმობს მდგომარეობის დამძიმებას დოლარში კრედიტების მქონე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.მათზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ვალის მომსახურება ლარში უფრო ძვირი უჯდებათ. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანია გავიგოთ როგორ ართმევენ ისინი თავს ამ შოკს და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ტკივილის შესამსუბუქებლად - ნაწილობრივ მაინც", - განაცხადა სადიკოვმა.

მისივე თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რათა სავალუტო რყევებს შეზღუდული ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე.

კითხვაზე - რა შეიძლება ითქვას ლარზე გრძელვადიან პერიოდში, სადიკოვის თქმით, საქართველოს მსგავსად ლარსაც ნათელი მომავალი აქვს.

"აშშ დოლარის მიმართ გაუფასურების მიუხედავად, ლარისადმი ნდობა არსებობს. ჩვენ არ შეგვიმჩნევია ლარიდან სხვა ვალუტაზე მასიური კონვერტაციები კურსის ცალკეული რყევების ეპიზოდებში და ლარი ინარჩუნებს მსყიდველუნარიანობას, რაც დასტურდება კიდეც დაბალი და სტაბილური ინფლაციით. გაცვლითი კურსის გაზრდილი მოქნილობა საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს განვითარებას წაადგება", - აღნიშნა სადიკოვმა.