ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, საქართველო დაკარგავდა კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქონლით ვაჭრობის, არამედ ტურიზმის ჭრილშიც, - ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, აზიმ სადიკოვმა BPN-სთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რა შედეგები ექნება ლარის გაუფასურება, სადიკოვის განცხადებით, ძირითადი საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ლარის გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ იძლევა შესაძლებლობას, ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, არ მოახდინოს იმპორტის ზედმეტი გაუფასურება და ექსპორტის მოჭარბებული გაძვირება.
"ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, საქართველო დაკარგავდა კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ საქონლით ვაჭრობის, არამედ ტურიზმის ჭრილშიც. ეს საზიანოდ იმოქმედებდა ბიზნესზე საქართველოში, რაც ასევე ნეგატიურ გავლენას გამოიწვევდა დასაქმებასა და ფიზიკური პირების შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება გამოიწვევდა დოლარში კრედიტების და ლარში შემოსავლის მქონე პირთა შემთხვევაში ვალის მომსახურების ტვირთის გაზრდას. ასეთ ოჯახებს და საწარმოებს ამჟამად უჭირს, რადგან გრაფიკით კრედიტის გადახდის შემდეგ ნაკლები ფული რჩებათ სხვა ხარჯების გასაწევად, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს ქვეყნის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა", - განაცხადა სადიკოვმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებული რომ არ ყოფილიყო, ხალხის უმრავლესობა მხოლოდ ინფლაციაზე გააკეთებდა აქცენტს და გაცვლითი კურსის რყევების გამო ამხელა გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა.
"ბიზნესწრეები, ალბათ, მიესალმებიან უფრო კონკურენტუნარიან ლარს. წარმატებული დედოლარიზაციის კარგი მაგალითებია ისრაელი და თურქეთი. დოლარში კრედიტის მქონე პირების მდგომარეობის შესამსუბუქებლად საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა გამოაცხადეს, რომ მზად არიან მსესხებლებს გაუხანგრძლივონ გადახდის ვადები და ამგვარად შეუმცირონ ვალის მომსახურების ტვირთი. ასევე, ბანკებს მოუწევთ კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობაც, რომლებსაც უჭირთ დოლარში აღებული კრედიტების მომსახურება. საქართველოში მოქმედი ბანკების უმრავლესობას შეუძლია კეთილსინდისიერი მსესხებლებისადმი კრედიტების პირობების გადახალისება განახორციელონ, რადგან მათ კაპიტალის მყარი ბუფერები აქვთ შექმნილი", - განაცხადა სადიკოვმა.