ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. მათი თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც ცენტრის თანამშრომლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ისინი მინისტრთან ერთად შევხდნენ მინისტრის მოადგილეებს, ქეთევან ნატრიაშვილსა და გიორგი შარვაშიძეს, თუმცა ვერც ერთ პუნქტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
"შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. ჩვენ ვერ შევთანხმდით ვერც ერთ პუნქტზე. ვაგრძელებთ პროტესტს. არც ერთ საკითხზე შეთანხმება არ მომხდარა. არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი მოთხოვნა", - განაცხადა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა გრიგოლ გაგნიძემ.
მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრა "მძიმედ" შეაფასა ცენტრის კიდევ ერთმა თანამშრომელმა გოჩა საითიძემ. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ დირექტორის კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა. "მძიმე შეხვედრა იყო. ყველაფერზე ვისაუბრეთ, ოღონდ ჩვენს მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით შეთანხმებამდე ვერ მივედით", - განაცხადა გოჩა საითიძემ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს სამინისტროში გუშინ ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. ცენტრის თანამშრომლები სახელმწიფო მაკონტროლებლის შეცვლას ითხოვენ. ასევე მოითხოვენ 2011 წელს მიღებული კანონის გაუქმებას, რომლის თანახმადაც განათლების მინისტრს ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება მიენიჭა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ასევე მოითხოვენ, რომ გაუქმდეს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგები. ისინი კონკურსს არაობიექტურად აფასებენ და ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბუბა კუდავას აღდგენას მოითხოვენ.