პოლიციის დღე 31 მაისს ქუთაისში აღინიშნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ცნობით, პოლიციის დღის აღსანიშნავად, პოლიციელები ქუთაისში ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავლენ.
ღონისძიება ქალაქის ცენტრში, თეატრთან, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, სადაც პოლიციის დანაყოფების შეიარაღება გამოიფინება და მოსახლეობას დათვალიერების საშუალება ექნება.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პოლიციის დღე პირველად ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში, 2010 წლის 6 მაისს დაწესდა. 2013 წელს, ახალი ხელისუფლების პირობებში პოლიციის დღე 19 მაისს აღინიშნა. 2014 წელს კი, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რის საფუძველზეც პოლიციის დღე განსაზღვრული იქნება სწორედ სამინისტროს დებულებით. გასულ წელს პოლიციის დღე 30 მაისს აღინიშნა.