უკრაინა ამჟამად საომარ მდგომარეობაში იმყოფება და საჭიროებს ძალიან სწრაფ რეფორმებს. ამიტომ სახელმწიფოს არ სჭირდება არაეფექტური მენეჯერები. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გია გეწაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მიგნიუსის" ცნობით, ამ განცხადებით გეწაძე ჯაბა ებანოიძის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას გამოეხმაურა.
"მე, როგორც რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა აქტიურად მუშაობს, მიმაჩნია, რომ ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არის, ჩვენ გუნდს არ სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც ჯაბა ებანოიძის მაგალითმა გვიჩვენა, ყველა არ არის მზად პასუხისმგებლობის ასაღებად რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენ აქ თანამდებობებისთვის არ მოვსულვართ, არამედ იმისთვის, რომ მოძმე უკრაინელებს დავეხმაროთ ქვეყნის შეცვლაში და ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს", - აღნიშნა გია გეწაძემ.
ჯაბა ებანოიძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.