მთავრობამ 26 მაისის ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ 26 მაისის ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 26 მაისს ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება.

"ტრადიციულად მოეწყობა სახალხო ზეიმი და იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი. ძირითადად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო ისეთი ღონისძიებები, რომელიც საინტერესო იქნებოდა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. 12:00 საათზე დაიწყება ღონისძიებების საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობა. 13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება ტრადიციულად ფიცის დადების ცერემონია. გვექნება ასევე ავიაშოუს ელემენტები. მოხდება სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა რუსთაველის გამზირზე. 12:00-დან 20:00 საათამდე მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იქნება მოწყობილი სხვადასხვა კუთხეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, იქნება ბევრი საინტერესო ელემენტი, მაგალითად გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხესაც მოაწყობს, სადაც საგუნდაო და საციგურაო ადგილები იქნება მოწყობილი.

"გამოფენილი იქნება სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. ბევრი კონკურსი, შეჯიბრი, მხიარული სტარტები, სხვადასხვა ტიპის კონცერტები იქნება. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელიც მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს. ასევე იქნება გალა-კონცერტი 21:00 საათზე პარლამენტის წინ, რომელიც დიდი ფოიერვერკით დასრულდება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 12 რეგიონში გაიმართება.