მისალოც წერილში ბარაკ ობამა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც მილოცვაშია ნათქვამი, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მტკიცე, აქტიური და სტრატეგიული პარტნიორობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ შარშან მხარი დაუჭირა საქართველოს, როდესაც თქვენს ქვეყენაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველომ მიიღო ნატო-ს არსებითი პაკეტი. ჩვენ დღესაც მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის. რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების ფონზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ თქვენს მებრძოლებს, რომლებიც მონაწილეობენ მისიებში ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას. გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ნათქვამია ბარაკ ობამას მილოცვაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.