პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ ის განუმარტეს, რომ "ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარი არ კეთდება".
"ინტერპრესნიუსი" ხარძიანის ოჯახის ადვოკატსაც დაუკავშირდა. როგორც მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, არც მას და არც ოჯახს, გამოძიების მასალები არ აქვთ ნანახი, რის საფუძველზეც გავრცელებულ ფოტოზე არსებული პირის იდენტიფიცირებას შეძლებდნენ.
"გამოძიებას გააჩნია უამრავი მასალა, თუმცა არ ვიცი, არის თუ არა ეს პირი ის, ვიზეც გამომძიებლები მუშაობენ. მე ნანახი მაქვს ფოტორობოტი, თუმცა შედარება გამიჭირდება, რადგან გავრცელებულ ფოტოზე არსებული პირის იდენტიფიცირება ძნელია", - აღნიშნა მალხაზ სალაყაიამ. ადვოკატის თქმით, მოკლულის ოჯახისთვის გავრცელებული ფოტო მედიის საშუალებით გახდა ცნობილი.
სოციალურ ქსელში ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ახალგაზრდა მამაკაცია აღბეჭდილი. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ფოტო ე.წ. ბარნოვის ხიდის კიბეზე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული იმ დროს, როდესაც მკვლელობის შემდეგ პირი გარბის და იხდის ქურთუკს, შემდეგ კი მას მეორე მხრიდან იცვამს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ მას შავი ქურთუკი ეცვა, ტერიტორია კი ლურჯი ფერის ქურთუკით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცია.