"თავისუფალმა დემოკრატებმა" ბაზალეთის ტბაზე გასვლითი შეხვედრა გამართეს

"თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციამ ბაზალეთის ტბაზე გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში თბილისის ორგანიზაციის რაიონულმა ხელმძღვანელებმა პარტიის იდეოლოგიასა და პარტიულ მშენებლობაზე ისაუბრეს.

"იცით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიის გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. დღეს თბილისის ორგანიზაციის წევრები ბაზალეთის ტბაზე შევიკრიბეთ, რომელსაც ასევე ყველა რაიონის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. დავსახეთ მომავალი გეგმები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრუქტურები. ვიმსჯელეთ იდეოლოგიურ საკითხებზე – აუცილებელია, რომ ცენტრისტული მიმართულებები მკვეთრად გააზრებული ჰქონდეს პარტიის ყველა წევრს, ისე როგორც იცოდნენ, რა ღირებულებებს უერთდებიან და რა ღირებულებები უნდა შესთავაზონ საზოგადოებას. ჩვენ სერიოზულად ვემზადებით არჩევნებისთვის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, "თავისუფალ დემოკრატებს" აქვს შანსი, რომ ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. 

"ამის საშუალება მას კოალიციის შიგნით არ ჰქონდა", - აღნიშნა აბაშიძემ.