საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს. იუვალ ფუქსმა ირაკლი ღარიბაშვილს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ–მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წერილი გადასცა.
"დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 67 წლისთავის მოლოცვისთვის. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან მჭიდრო ურთიერთობას, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა და თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის", – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გამოგზავნილ წერილში.