ნატო-ს ავღანეთში სამხედრო ტვირთის რუსეთის ტერიტორიის გავლით ჩატანის შესაძლებლობა აღარ ექნება

ნატო-ს ავღანეთში სამხედრო ტვირთის რუსეთის ტერიტორიის გავლით ჩატანის შესაძლებლობა აღარ ექნება

ნატო-ს ავღანეთში სამხედრო ტვირთის რუსეთის ტერიტორიის გავლით ჩატანის შესაძლებლობა აღარ ექნება. შესაბამის განკარგულებას "ბიბისის" ცნობით, ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

როგორც რუსეთის მთავრობის განკარგულებაში წერია, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2001 წლის რეზოლუციის მოქმედების შეჩერების გამო მიიღეს. აღნიშნული რეზოლუცია ავღანეთში სამხედრო ტვირთის რუსეთის გავლით ჩატანას ითვალისწინებდა.

ამ დრომდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისათვის რუსეთის ტერიტორიას ტრანზიტად იყენებდა.

"2010 წლის ოქტომბერში დიმიტრი მედვედევი, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო, ნატო-ს სამიტს დაესწრო ლისაბონში. ალიანსმა იგი შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ომის მიუხედავად მიიწვია. მედვედევმა მაშინ პირობა დადო, რომ ავღანეთში ნატო-ს საქმიანობას დამატებით მხარდაჭერას აღმოუჩენდა. მათ შორის ავღანეთში რუსეთის ტერიტორიის გავლით ალიანსის სამხედროების ჩაყვანას და აღჭურვილობის ჩატანას", - წერია "ბიბისის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

აშშ-მა და ნატო-მ გასული წლის დეკემბერში ავღანეთში სამხედრო ოპერაცია დაასრულეს, რის შემდეგაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში სამხედროების ნაწილს მაინც დატოვებდნენ. ამ დროისათვის ავღანეთში ნატო-ს სამხედროების რიცხვი 13 000-ს შეადგენს, მათგან დაახლოებით 10 000 ამერიკელია. თუმცა, 2015 წლის დასაწყისში ავღანეთში ისლამისტური დაჯგუფებები კვლავ გააქტიურდნენ, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ავღანეთიდან საკუთარი სამხედროების გაყვანის პროცესი შეანელა.

"ბიბისის" ცნობით, რამდენ ხანს დარჩებიან ისინი ავღანეთში უცნობია, თუმცა, შესაძლოა მათი იარაღითა და სხვა აღჭურვილობით მომარაგება კვლავ გახდეს საჭირო, რისთვისაც ალიანსი რუსეთის ტერიტორიას ვეღარ გამოიყენებს.