საქართველოს სურს, გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი, ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ავსტრიის პრეზიდენტთან, ჰაინს ფიშერთან შეხვედრაზე განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინს ფიშერს, ავტრიის პრეზიდენტის მეუღლეს მარგის ფიშერს და ავსტრიის დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში უმასპინძლა.
შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს მიესალმა და ამ ვიზიტს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა.
"ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა თქვენი ვიზიტი საქართველოში. დიდად ვაფასებთ თქვენს ისტორიას, კულტურას ვიცნობთ კარგად. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან დარღვეულია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქიდან ვიყავი არჩეული საქართველოს პატრიარქად. ამიტომ ჩვმთვის მტკივნეული საკითხია აფხაზეთი და ცხინვალი, ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტი იქნება დასაწყისი ახალი ურთიერთობისა საქართველოსა და ავსტრიას შორის", - აღნიშნა უწმინდესმა.
თავის მხრივ ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, მისი მეუღლისა და დელეგაციის წევრებისათვის დიდი პატივია.
ავსტრიის პრეზიდენტი საუბრისას დაინტერესდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრებით ორ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ უყურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია უწმინდესს თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, კერძოდ რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა დასძინა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში იგი გულისხმობდა როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს.
"საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩEვანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის აზრით, რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო.