გიორგი აბაშიშვილი:   ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისა და დაპირისპირებისთვის

გიორგი აბაშიშვილი: ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისა და დაპირისპირებისთვის

ახლა არ არის საუკეთესო დრო ურთიერთბრალდებებისთვის, მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები , - ამის შესახებ საქართველოს და პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსისა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ანგარიში, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგება.

"ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისა და დაპირისპირებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია კოორდინაციის შენარჩუნება. როგორც სამუშაო დონეზე, ისე იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება ხედავდეს ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენი პოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში დაწყებული სავალუტო კრიზისიდან დღემდე, არის სწორედ მოწოდება კოორდინაციისკენ, ურთიერთთანამშრომლობისკენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო ურთიერთბრალდებებისთვის. მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის სტაბილიზაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები და ვფიქრობ, რომ მთავარი აქცენტი სწორედ აღნიშნულზე უნდა კეთდებოდეს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს, როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის შენელების ნაწილში ანგარიშში ახალი არაფერი არ არის.

"ეს იგივე იყო, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშის დროსაც იქნა გაჟღერებული. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ვიცე-პრემიერი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აღნიშნავდა, რომ თავდაპირველად დაანონსებული 5%-იანი ზრდა საქართველოს ვერ ექნებოდა", - განაცხადა აბაშიშვილმა.