"საქმე არ ეხება ხელმძღვანელი ბუბა კუდავა იქნება თუ ბატონი ზაზა აბაშიძე"

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თამილა მგალობლიშვილი ცენტრის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიზირებული პროცესები ძალიან ცუდია.

იერუსალიმის ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადა, საქმე ყველაზე დიდ საგანძურს და ქართველი ერის მეხსირერბას ეხება.

„ყველაზე ცუდ დღეში ჩვენი საგანძურიდან დღეს ქართული ხელნაწერებია, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ ჩვენ ეს ხელნაწერები დავიცვათ ისე, როგორც საჭიროა. სამწუხაროდ, დღეისათვის ვერ გეტყვით, რომ ეს საქმე ჩვენ სათანადო დონეზე გვყავს აყვანილი. ამიტომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტების  ერთობლივი მუშაობა მოხდეს იმისათვის, რომ ხელნაწერების დაცვის კონცეფცია შემუშავდეს და ამის შემდეგ შეირჩეს მისთვის ადგილი და ა.შ. ამ ყველაფერს საფუძვლიანი კვლევა უნდა. ამ საკითხის პოლიტიზირება არ შეიძლება. საქმე არ ეხება ხელმძღვანელი ბუბა კუდავა იქნება თუ ბატონი ზაზა აბაშიძე, რომელიც შესანიშნავი ისტორიკოსია. აქ მთავარია ის, რომ სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება რა გვინდა? გადავარჩინოთ თუ არა ჩვენი მეხსიერება. თუ ხელნაწერების გადარჩენა გვინდა, ძალიან ვიწრო სპეციალისტების ჯგუფი უნდა შეიქმნას. მე სიამოვნებით ჩავერთვები ყველგან და პირობას გაძლევთ, რომ მოვახერხებ იმ უმნიშვნელოვანეს ექსპერტებთან ურთიერთობას, რომელთა ჩამოყვანა ძალიან რთულია. ამაზე ადრე შეთანხმებული ვიყავით, ამაში უწმინდესიც გვეხმარებოდა, მაგრამ ეს მაშინ აღარ მოხერხდა“, - განუცხადა „პირWელს“ თამილა მგალობლიშვილი, რომელიც ხელნაწერთა დაცვის საქმეს არაერთი წელი ემსახურა.

ამასთან, მას პოსტზე, უშუალოდ ბუბა კუდავას საქმიანობის შეფასება უჭირს, რადგან გიორგობიანის  თქმით, 2006 წელს, როდესაც წინა მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტი შუშებით აშენებულ ერთ-ერთ შენობაში გადასულიყო, მან ინსტიტუტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„მე ვერ გეტყვით როგორ იმუშავა ან რა წარმატებები ან წარუმატებლობები აქვს ბუბა კუდავას, მე არ შემიძლია ეს გითხრათ რადგან იქ არ ვარ. არ ვიცი და ამაზე ლაპარაკს ვერ დავიწყებ. ფაქტია, რომ თუ მას რამე აქვს გაკეთებული ან ხარვეზები ჰქონდა, ეს გამოჩნდება და თვითონ სამინისტრომაც უნდა იცოდეს. ჩემთვის ახლა მთავარია, რომ ის შენობა და საცავი, იმ საგანძურის შესაფერისი არ არის და არ არის იმ წესების შესაფერისიც, რაც თანამედროვე დონეზე უნდა იყოს და ეს კუდავას ბრალი არაა“, - აღნიშნა მგალობლიშვილი.

ცნობისთვის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრში ახალი ხემძღვანელის დანიშვნას აპროტესტებენ და ამიტომ გაფიცვაც დაიწყეს. ისინი განათლების სამინისტროს კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ და ხელმძღვანელად კვლავ ბუბა კუდავას დაბრუნებას ითხოვენ. ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე 16 მაისს შეარჩია.