"ზაზა აბაშიძე ასეთ დახვედრას და ფეხების დაბაკუნებას არ იმსახურებს, ეს ყველა საზღვარს სცდება"

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი პარალიზებულია. დღეს ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა და  სამკითხველო დარბაზი, საცავები, საგამოფენო დარბაზი და ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებდა.

თანამშრომლები ითხოვენ, რომ ცენტრის სამეცნიერო საბჭოს დირექტორის არჩევის უფლება დაუბრუნდეს, რაც 2011 წლის საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე საბჭოს  აღარ გააჩნია. რატომ არ გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა, როდესაც კანონში ეს ცვლილება შევიდა, ამას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ზაზა ალექსიძე არაინფორმირებულობით პასუხობს და ამბობს, რომ ცენტრის თანამშრომლებმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ არაფერი იცოდნენ. გამოდის, რომ ბუბა კუდავა წლების განმავლობაში ისე უძღვებოდა დაწესებულებას, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეწერა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ საქართველოს კანონში, რომლითაც ცენტრს უნდა ეხელმძღვანელა.

ფაქტი ერთია, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პარალიზებულია და თანამშრომლები ყოფილი ხელმძღვანელის  ადვოკატირებითა არიან დაკავებულები. ბევრი კი ფიქრობს, რომ პროცესები ნორმის ფარგლებს გასცდა და ცენტრის თანამშრომლები არააკადემიურად იქცევიან.

"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ არის ის დაწესებულება, რომელსაც ასეთი არააკადემიური საქციელი შეეფერება. ზაზა აბაშიძე უაღრესად დადებითი პიროვნებაა, როგორც თავისი სამეცნიერო კუთხით, ასევე ადამიანური თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

გია ჟორჟოლიანი კი მიიჩნევს, რომ საკითხები, რომელიც ცენტრის თანამშომლებს აწუხებთ არა პროტესტით და ახალი დირექტორის ბოიკოტირებით, არამედ პროფესიულ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა წყდებოდეს.

"მათ შორის, აუცილებელია ფართო კონსესუნსი ყველა იმ ინსტიტუტს შორის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისეთ მნიშველოვან ინსტიტუციასთან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან. არსებითია ის გარემოება, რომ ჩვენ განვეწყოთ დადებითად რეფორმებისა და სიახლეებისადმი და გაუმჯობესდეს მდგონარეობა, რომელიც ცენტრში აქამდე არსებობდა. კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი ბატონი კუდავას მიმართ, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ჩვენი სამეცნიერო და უმაღლესი საგანამნაათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი იყო პოლიტიზირებული და იდეოლოგიზირებული, რაც ხელს უშლიდა ამ სფეროებში პლურალისტური ვითარების დამკვირდებას. დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის მეცნიერების განვითარების აუცილებელი წინაპირობა. სწორედ ამ მიდგომის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს ახალი ტიპის ხელმძღვანელობა, რომელიც არ იქნება იდეოლოგიზირებული და უარყოფს პოლიტიზირებულ მიდგომებს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თავის მხრივ პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრმაზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დირექტორის ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მხრიდან გამოხატულ ისტერიულ და პრეტენზიულ ტონს ვერ გაიზიარებს.

 

"საპროტესტო აქციები და ახალი დირექტორის არ მიღება სრულად გაუმართლებელია. ეს საბიუჯეტო  ორგანიზაციაა და უნდა გრძნობდნენ იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ აკისრიათ. რაც შეეხება ბატონ ზაზა აბაშიძეს, ის არ იმსახურებს ასეთ დახვედრას და ფეხების დაბაკუნებას. ეს სცდება ყველა საზღვარს. ეს სახლი არაა, ეს სამსახურია. მათ უნდა გაარკვიონ თუ რა იდეით და მისიით მიდის ზაზა აბაშიძე ცენტრში", - განაცხადა პაპუაშვილმა.