პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავსტრიის პრეზიდენტს ელოდებიან.
როგორც ფხალაძემ აღნიშნა, ეს არის ავსტრიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში.
"ეს არის სახელმწიფო ვიზიტი. პრეზიდენტი ჩამობრძანდება მეუღლესთან ერთად. ჩამოყვებიან მთავრობის წევრები, ბიზნესმენები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერთან, კათოლიკოს-პატრიარქთან, ასევე გაფორმდება მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კომუნიკაციების და ინფრასტრუქტურის კომუნიკაციების სფეროებში. გაიმართება ბიზნესფორუმი, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ქართველ და ავსტრიელ ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ უშუალოდ გაიარონ ის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციას", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, ავსტრია არის მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც დაინტერესებულია რეგიონით, ასევე დაინტერესებულია როგორც სამხრეთ კავკასიით, ასევე შავი ზღვის რეგიონით.
"ავსტრია ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის პირველი ვიზიტი პრეზიდენტის, რომელსაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა ფხალაძემ.
ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ ჰაინც ფიშერს და პირველ ლედის მარგიტ ფიშერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დახვდებიან.