სასამართლოს თავმჯდომარეები გვყავს, რომლებსაც 10-წლიანი საქმიანობისას, არც ერთი საქმე არ განუხილავთ

სასამართლოს თავმჯდომარეები გვყავს, რომლებსაც 10-წლიანი საქმიანობისას, არც ერთი საქმე არ განუხილავთ

მართლმსაჯულების სახლში მართლმსაჯულების გამოწვევის თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მართლმსაჯულების მესამე ეტაპის რეფორმებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონდებლო პაკეტი განიხილეს.

შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც კანონპროექტზე დაწვრილებით ისაუბრა.

შეხვედრაზე კანონპროექტის ირგვლივ დისკუსია და კამათი გაიმართა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არ ეთანხმება.

"დადებითი, რაც განხორციელდა სასამართლო ხელისუფლებაში სასამართლო გახდა დამოუკიდებელი, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული დამსახურება იყო. აღნიშნული კანონპროექტის შემოღებით ეს შეიცვლება პირიქით. რაც შეეხება თავმჯდომარეებისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, ახლა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად საქართველოში მოქმედი ყველა ორგანიზაცია იძახის, რომ ეს არ გავაკეთოთ, ეს არ წაადგება მართლმსაჯულების განვითარებას. რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტს, ეს არის წარმოუდგენელი ჩემთვის, როგორ შეიძლება ეს", - განაცხადა მურუსიძემ.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეების პოზიცია მოისმინა.

"მე მესმის მოსამართლეების პოზიციები, განსაკუთრებით რაიონული სასამართლოების წარმომადგენლების, სადაც სასამართლოს თავმჯდომარეები არიან დატვირთული საქმეების განხილვით. დიახ, ვადასტურებ, ისინი თანაბრად იხილავენ ასე ვთქვათ ყველა იმ რაოდენობის საქმეს, რომელსაც არათავმჯდომარე მოსამართლეები. არის გარკვეული კატეგორიები თავმჯდომარეებისა, რომელებსაც თავიანთი ათწლიანი უფლებამოსილების ვადაში არც ერთი საქმე არ განუხილავთ სასამართლოში, ანუ მოსამართლისთვის მთავარი დანიშნულება არის, პროფესიული საქმიანობის განხორციელება და ჩვენ გვყავს თავმჯდომარეები, რომლებსაც არც ერთი საქმე არ განუხილავთ თავიანთი 10-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ანუ არსებობს კითხვის ნიშნები და პასუხები უნდა ამ საკითხებს. მათი განმარტება არის, რომ რადგან არიან მსხვილი სასამართლოს თავმჯდომარეები, მათ მენეჯერული ფუნქციების დიდი ტვირთის გამო არ აქვთ სურვილი და ვერ შეძლებენ საქმეთა განხილვას. თუმცა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მოსამართლის ფუნქცია არის საქმის განხილვა. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, დისციპლინური სამართალწარმოების ინსტიტუტის გასაძლიერებლად დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა რეალური გარემოების შესწავლიდან გამომდინარე გახდა საჭირო.