"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონის" მიმდებარედ აქციას მართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება , "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მისი მხარდამჭერები სასტუმროსთან წითელი ბარათებით მივიდნენ. სასტუმროს გახსნაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.
"ჰაკიმ ფაშამ ძველი ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტები კი არ უნდა გახსნას, არამედ ახალი პროექტები განახორციელოს. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობამ მთავრობას წითელი ბარათები უნდა უჩვენოს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა ბათუმში შეჩერებული პროექტების პლაკატებიც წარმოადგინეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მისი მხარდამჭერები "ჰილტონთან" მიახლოებას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.