აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება, საქართველოს დელეგაციას პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დელეგაციაში, სხვა პირებთან ერთად, იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც.
როგორც კერესლიძემ განაცხადა, სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიგ ორმხრივ შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი კი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაში, ასევე მონაწილეობას მიიღებს იმ შეხვედრაში, რომელსაც ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი დაესწრება.
რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც კერესლიძემ აღნიშნა, რიგის სამიტამდე დარჩენილია რამდენიმე დღე და რა თქმა უნდა, მოლოდინები დადებითია.
"როცა კარგად მუშაობ და გაქვს წარმატებები, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ელოდები და ამ მაქსიმუმის მოლოდონი ნამდვილად არის. ჩვენ დეკლარაციის ტექსტი ჯერ არ ვიცით. არ ვიცით, კონკრეტულად რა ჩაიწერება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება დადებითად შეფასებული და ევროკავშირის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას და კმაყოფილებას საქართველოს რეფორმებით და იმით, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა დავით კერესელიძემ.