იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო დატოვა და რეფორმების საერთაშორისო ცენტრში აგრძელებს მუშაობას.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. on24line.biz აქვეყნებს სტატიას, სათაურით "იაცენუკი დასავლურ კადრებს კარგავს", სადან ნათქვამია, რომ უკრაინის მთავრობას ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ მოწვეული უცხოელი სახელმწიფო მოხელეები. კერძოდ, თანამდებობა დატოვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ საშა ბორევიკმა, რომელიც წარმოშობით ლვოვიდანაა, თუმცა გერმანიის მოქალაქეა. გამოცემის ცნობით, ბორევიკი პირველი "დასავლელი" მოწვეული სახელმწიფო მოხელე არ არის, რომელმაც იაცენუკის მთავრობასთან ვერ იმუშავა. გასული წლის აგვისტოში თანამდებობა დატოვა ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა პაველ შერემეტმა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში მიწვეული იყო, თუმცა შეპირებულ პოსტზე არ დაინიშნა საქართველოს მოქალაქე ჯაბა ებანოიძე.
"მიმიწვიეს სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურში. დავთანხმდი, მივიღე უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა როცა მივედი იუსტიციის სამინისტროში, ეს სამსახური საერთოდ გააუქმეს. ამიტომ, სახელმწიფო მოხელე ჩემგან არ დადგა. თუმცა ვაგრძელებ დაწყებულ საქმეს რეფორმების საერთაშორისო ცენტრში", - აცხადებს ჯაბა ებანოიძე. მისი აზრით, უკრაინის მთავრობას რეფორმების გატარების ერთიანი კონცეფცია და სტრატეგია არ აქვს და სახელმწიფო მოხელეებს საკმარის უფლებამოსილებას არ აძლევენ დასახული ამოცანების გადასაწყვეტად.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის რადაში შეტანილია 7 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმც აუკრაინული მედიის ინფორმაციით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.