"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალაქი რამადი დაიკავეს

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის ქალაქი რამადი დაიკავეს. "ბიბისის" ცნობით, ქალაქი სამთავრობო ძალებმა უკვე დატოვეს. რამადისთვის ბრძოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისლამისტი მებრძოლების განცხადებით, მათ ქალაქში მდებარე ქვეყნის არმიის მერვე ბრიგადის სამხედრო ბაზა დაიკავეს, რომელიც ტანკებითა და ნაღმტყორცნებით არის აღჭურვილი. 

რამადი, ერაყის ყველაზე დიდი პროვინცია ანბარის დედაქალაქია. იგი ბაღდადიდან დაახლოებით 110 კილომეტრში მდებარეობს. "ისლამურმა სახელმწიფომ" რამადის გარდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერაყისა და სირიის არაერთი ქალაქი დაიკავა. მის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიისა და ერაყის არმიების გარდა, აშშ-ის კოალიციური ძალებიც მონაწილეობენ, რომლებიც ისლამისტების პოზიციებს თითქმის ყოველდღე ბომბავენ.