"საქართველოს მთავრობა ყოფილა "ბოკო ჰარამი“, რაც ნიშნავს "განათლება ცოდვაა, აკრძალულია"

ბუბა კუდავას ძმა, მამუკა კუდავა ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ ხელისუფლების არაფორმალურმა და ფორმალურმა წარმომადგენლებმა არაფერი იციან.

"დირექტორმა არ იცის, რომ ლარის გაუფასურება არ არის ჯანსაღი პროცესი. პრეზიდენტმა არ იცის, რა არის მისი უფლებები. პარლამენტის თავმჯდომარემ არ იცის, ვინ გადაიხადა ფული "ნიუ იორკ თაიმსში" მისი სტატიის გამოქვეყნებაში. პრემიერმა არ იცის, რამდენია ქვეყნის ბიუჯეტი. ფინანსთა მინისტრმა არ იცის, რამდენია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, როგორ მოხვდა ამ გაუგებრობა მთავრობაში.  ენერგეტიკის მინისტრმა არ იცის, რომ იმპორტი არ არის ექსპორტი. შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის, რომ კრიმინალმა მოიმატა. თავდაცვის მინისტრმა არ იცის, რომ აფხაზებთან დამოუკიდებლობაზე საუბარი არ შეიძლება. შერიგების მინისტრმა არ იცის, რომ პუტინი ქვეყნის მტერია. საგარეო მინისტრმა არ იცის, რომელ უფროსს დაელაპარაკოს გადაწყვეტილების მიღებისას. იუსტიციის მინისტრმა არ იცის, რომ იუსტიციის დიპლომი არ აქვს. პროკურორმა არ იცის, ბრალდებულს დანაშაული როგორ დაუმტკიცოს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა არ იცის, რომ ღვინის რუსეთში გატანა თავის მოტყუებაა. ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის, რომ საყოველთაო დაზღვევა საფრანგეთშიც კი შეუძლებელია. განათლების მინისტრმა არ იცის, რომ X საუკუნის ხელნაწერი ბიბლიის გასხვისება არ შეიძლება. ბესელიამ არ იცის, რომ ინგლისური არ იცის. აშშ-ის ელჩმა არ იცის, რომ საქართველოს მინისტრი არ არის. დედაქალაქის მერმა არაფერი იცის, გარდა მეგრულისა. მაშასადამე, საქართველოს მთავრობა ყოფილა „ბოკო ჰარამი“, რაც ერთერთ აფრიკულ ენაზე ნიშნავს „განათლება ცოდვაა, აკრძალულია", - წერს მამუკა კუდავა "ფეისბუქში".