თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას შეხვდა

თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და მათ კომენტარებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ხიდაშელის თქმით , აპირებს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრებს შეხვდეს.

"ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან ვაპირებ შეხვედრას. რაზე ვიმსჯელეთ, ნამდვილად არ ვაპირებ მოგიყვეთ. აბსოლუტურად ყველას ვხვდები და ირაკლი ჩემი მეგობარია. მასთან შეხვედრები გაცილებით ხშირი და ინტენსიური მექნება, ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები", - აღნიშნა ხიდაშელმა.

ჟურნალისტის შეკითხვას, შეხვედრაზე შეეხო თუ არა საუბარი ე.წ. კაბელების საქმეს, ხიდაშელმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე განხილული თემების ჟურნალისტებთან განხილვას არ აპირებს.

"თავდაცვის მინისტრი შეხვდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს. მგონი ეს არ არის ტელევიზიაში სალაპარაკო თემა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, საუბარი შეეხო ყველა საჭირბოროტო თემას, რაც ეხება თავდაცვის სამინისტროს. "ასევე ვისაუბრეთ იმ მომავალ გეგმებზე, რომელიც მქონდა თავდაცვის უწყებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც საჭიროა. მეგობრები ვართ და ასევე ვისაუბრეთ მეგობრულ თემებზე. იყო საჭირო და კარგი შეხვედრა", - აღნიშნა ალასანიამ.

თავდაცვის მოქმედი და ყოფილი მინისტრები ერთმანეთს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ.