მსოფლიო არნახულ გამყინვარებას და სიცივეებს ებრძვის. მარტო ევროპის კონტინენტზე ბუნებრივ სტიქიას ხუთასზე მეტი ადამიანი შეწირა. უკიდურესად დაბალ ტემპერატურას მსხვერპლი საქართველოშიც მოჰყვა.
ამ პრობლემატურ თემაზე და მოსალოდნელ შედეგებზე „მწვანეთა პარტიის“ ლიდერს, გიორგი გაჩეჩილაძეს ვესაუბრებით.
გიორგი გაჩეჩილაძე: ასეთი დაბალი ტემპერატურა საქართველოში პირველად არ დაფიქსირებულა. მაგრამ ამან უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. მართლაც, სერიოზულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს სიტუაცია გადაივლის, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ უარყოფითი პროცესი მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს. მიზეზი ადამიანის უგუნურება და ატმოსფეროს მზარდი დაბინძურებაა. ნელ–ნელა პროცესი კატასტროფულ ხასიათს შეიძენს.
ზოგიერთი ექსპერტი დღევანდელ ინტენსიურ ნალექებს და ტემპერატურას გლობალურ დათბობას უკავშირებს. ორგანული საწვავის – ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის წვის შედეგად ატმოსფეროში ე.წ. სათბური გაზები გამოიყოფა. იგი გროვდება და დედამიწაზე ნელ–ნელა ჰაერის საშუალო ტემპერატურა მატულობს. თითქოს უცნაურია, უფრო სითბო უნდა იყოს, ვიდრე სიცივე; სინამდვილეში ეს კლიმატის ცვლილებას, ანუ დისბალანსს იწვევს. იმას, რაც დედამიწაზე საუკუნეების და მილიონობით წლების განმავლობაში დამყარებული იყო.
მაგრამ პრობლემა უფრო კატასტროფულად გამოიყურება. ცხადია, გლობალური დათბობა დიდი უბედურების მომტანია; ოკეანეების დონე იწევს, რადგან მყინვარები დნება პოლუსებზე; ნალექების რაოდენობა მატულობს, ზაფხულობით უფრო მაღალი სიცხეები იქნება. თუმცა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომლისაც სპეციალისტებს ძალიან ეშინიათ. გლობალურმა დათბობამ შეიძლება გლობალურ გამყინვარებას ბიძგი მისცეს.
ოკეანის უზარმაზარი გოლფსტრიმის თბილი დინება მთელ ევრაზიის კონტინენტს უვლის. იგი იმდენად თბილია, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ზამთრის განმავლობაში პორტები არ იყინება. ის დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში კლიმატს ძალიან არბილებს. კლიმატოლოგები სხვანაირად დედამიწაზე კლიმატის მარეგულირებელს უწოდებენ.
შემჩნეულია, რომ გლობალური დათბობის გამო გოლფსტრიმის დინების სიჩქარეები ნელდება და ტემპერატურა კლებულობს. თუ იგი გაჩერდა ან მისმა ტემპერატურამ ძალიან დაიწია, დედამიწაზე მომენტალურად გლობალური გამყინვარება იწყება. იცით ეს რას ნიშნავს? ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნელ–ნელა უზარმაზარი მყინვარები დაფარავს.
ეს პროცესები დედამიწაზე ადრეც ყოფილა დაფიქსირებული. ნახევარი დედამიწა რამდენიმე კილომეტრი სისქის ყინულით დაფარული იყო, ამას სხვა პროცესი მოჰყვებოდა ა.შ. ამიტომ ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და ადამიანის უგუნურ საქციელთან, ატმოსფეროს დაბინძურებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული; მის სიხარბესთან, რომელიც უზარმაზარი რაოდენობის ნავთობს, ბენზინს, გაზს, ქვანახშირს წვავს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რომელსაც აზის.
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ შესაძლო კატასტროფული შედეგები თავიდან აცილებული იქნეს?
– არსებობს 1992 წელს რიო დე ჟანეიროს მსოფლიო კონგრესზე მიღებული გაეროს კლიმატის ცვლილებების კონვენცია, რომელთანაც ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც არის შეერთებული. პრობლემა იმაშია, რომ აღსრულება ვერ ხერხდება. კონვენციას თავისი ოქმები აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა ორგანული საწვავის მოხმარება უნდა შეამცირონ. ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნისთვის ეს ძალიან პრობლემატური საკითხია.
მაგალითად, ჩინეთი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ კლიმატის ცვლილების კონვენცია აღასრულოს. ასე ეუბნებიან განვითარებულ ქვეყნებას – თქვენ ძმაო, ამდენხანს ამას წვავდით, ეკონომიკა განავითარეთ, ფეხზე დადექით, ქარხნები ააშენეთ და ა.შ. ახლა გინდათ, რომ კლიმატის კონვენციის საფუძველზე ჩვენი განვითარება შეზღუდოთ.
ამიტომ ჩინეთი, როგორც ერთ–ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი ნავთობ–გაზის და ქვანახშირის, კატეგორიულად უარს ამბობს, ამ კონვენციის პირობები შეასრულოს. ასევეა ზოგიერთი დიდი ქვეყანა, რომელიც განვითარებად პროცესშია. ამ უსერიოზულეს პრობლემას თუ არ ეშველა, კატასტროფა გარდაუვალია.
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს რა პერსპექტივები ელის?
– გლობალური დათბობის პირობებში საშუალო ტემპერატურა, რა თქმა უნდა, საქართველოშიც მატულობს. თქვენ ნახავთ, რომ წელს საშინელი სიცხეები დაფიქსირდება. ახლა ხომ საშინელი უარყოფითი ტემპერატურა ფიქსირდება, სრულიად განსხვავებული და ძალიან ცხელი ზაფხული გველის. კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე იცით, რომ უამრავი მყინვარებია, რომლებიც საქართველოს მდინარეებს ასაზრდოებენ. ეს არის იორი, ალაზანი, რიონი, ენგური და სხვ. რომლებიც სათავეს მყინვარებიდან იღებენ.
ქართველი მეცნიერების მიერ შემჩნეულია და უკვე ინსტრუმენტულად აღრიცხულია, ჩვენმა მყინვარებმა ისე ინტენსიურად დაიწყეს დნობა, რომ ისინი ფართობებით განახევრებულნი არიან. ზაფხულის პერიოდში ეს პროცესი თუ გაგრძელდა, ჩვენი მყინვარები იმდენად დაპატარავდებიან, მდინარეები ისე შემცირდებიან, რომ ზაფხულში წყლის რესურსებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები ქვექნება.
ამას გარდა, საქართველოში გაუდაბნოების პროცესი წავა. ეს შემჩნეულია კიდევაც. ჩვენ ხომ ისედაც გვაქვს ნახევრადუდაბნოები კახეთში. პროცესი მიდის და იგი თავისთავად ნიადაგური საფარის მდგომარეობაზეც იმოქმედებს. მისი ნაყოფიერების პრობლემაც დადგება, რაც ისედაც დანგრეულ სოფლის მეურეობას, აგრარულ სექტორს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს. მითუმეტეს, როდესაც წყალი ამ პროცესების გამო ისედაც ნაკლები დარჩება.
ამიტომ ჩვენ ბოლო ხმაზე ვკიოდით, რომ მტკვრის გადაკეტვა არ შეიძლება. მტკვარიც რომ გადაეკეტა თურქეთს და მიებრუნებინა თავის ტერიტორიაზე, ჩვენთვის ეს სრული კატასტროფა იქნებოდა და დავიღუპებოდით საერთოდ.
მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსავალს რაში ხედავთ?
– ყველა ქვეყანა ამ უარესი სცენარებისთვის ემზადება. ცივილიზებული სახელმწიფოები პრევენციის რაღაც პროგრამებს აკეთებენ. პროგნოზებს დებენ, თუ რა შეიძლება კონკრეტულად მოხდეს მათი ქვეყნების ტერიტორიებზე. არსებობს გენერალური გეგმები, სქემები, რეაგირების მთელი პროგრამები, სახელმწიფო ამ სამომავლო პრობლემებს როგორ უნდა გაუმკლავდეს.
ეს ხდება ყველგან, საქართველოს გარდა. ერთადერთი სახელმწიფო საქართველოა, (ვერ გეტყვით, შეიძლება ეს სადღაც აფრიკაშიც ხდებოდეს) რომელსაც ამაზე მუშობა არცკი დაუწყია. მიუხედავად იმისა რომ ამ პროცესებს შეუძლიათ საშინელი პრობლემების წინაშე დაგვაყენონ”.
აქვე ცნობისთვის, გოლფსტრიმი (ინგლ. gulf stream) – თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება 10 ათ. კმ-ზე, ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებიდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე.
საკუთრივ გოლფსტრიმი იწყება ფლორიდის სრუტის სამხრეთ ნაწილში და ვრცელდება დიდი ნიუფაუნდლენდის მარჩხობამდე. მისი წარმოშობის მიზეზია პასატური ქარების მიერ იუკატანის სრუტის გავლით მექსიკის ყურეში წყლის დიდი რაოდენობით მოდენა და ამის შედეგად მექსიკის ყურისა და მასთან მიმდებარე ატლანტის ოკეანის წყლების დონეთა შორის წარმოქმნილი მნიშვნელოვანი სხვაობა. ოკეანეში გასვლისას დინების სიმძლავრე 25 მლნ. მ³/წმ შეადგენს (2160 კმ³ დღე-ღამეში), რაც 20-ჯერ აღემატება მსოფლიოს ყველა მდინარის ჯამურ ხარჯს. ოკეანეში გოლფსტრიმი უერთდება ანტილის დინებას და ჩ.გ. 38°-ზე მისი სიმძლავრე 82 მლნ. მ³/წმ აღწევს.
გოლფსტრიმის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოძრაობის ზოგადი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, ეს დინება დედამიწის ბრუნვის ზეგავლენით მარჯვნივ კი არა, მარცხნივ გადაიხრება. ეს გამოწვეულია ატლანტის ოკეანის სუბტროპიკული ნაწილის ანტიციკლონურ არეში ოკეანის მაღალი დონითა და ანტილის დინების მიერ მექსიკის ყურიდან გამომავალი წყლის სამხრეთიდან შეგუბებით.
ოკეანეში გოლფსტრიმი მიედინება ჩრდილოეთისაკენ 6 კმ/სთ სიჩქარით (ზოგჯერ 10 კმ/სთ), ჰატერასის კონცხთან იგი გადაიხრება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ნიუფაუნდლენდის მარჩხობისაკენ. აქ მისი სიჩქარე 3-4 კმ/სთ-მდე კლებულობს. დინების სიგანე სამხრეთით 75 კმ-ია, ჰატერასის კონცხთან 110-120 კმ, ნაკადის სიღრმე — 700-800 მ.
გოლფსტრიმს მიაქვს დიდი რაოდენობით სითბო და მარილები. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 25°C-26°C , მარილიანობა 36,2‰-36,4‰; მაქსიმალური მარილიანობა (36,5‰) აღინიშნება 200 მ სიღრმეზე. წყლის ტემპერატურის ცვალებადობა მჭიდროდაა დაკავშირებული თბილი ტროპიკული წყლის მომდენი პასატების ქროლვის სიძლიერესთან.
ნიუფაუნდლენდის მარჩხობის სამხრეთ კიდესთან გოლფსტრიმს ჩრდილოეთიდან უახლოვდება ლაბრადორის ცივი დინება, რომლის წყლებთან აღრევის დროს ზედაპირული წყალი იძირება. ნიუფაუნდლენდის მარჩხობს რომ ჩაუვლის, დაახლ. დ. გ. 40°-თან საკუთრივ გოლფსტრიმი გადადის ჩრდილო ატლანტიკურ დინებაში, რომელიც დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ქარების გავლენით ჰკვეთს ოკეანეს დასავლეთიდან ამოსავლეთისაკენ და ევროპის სანაპიროებთან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ მიედინება.
გოლფსტრიმის თბილ დინებათა სისტემა დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ზღვებისა და საკუთრივ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ჰიდროლოგიურ და ბიოლოგიურ თვისებებზე, არამედ ატლანტისოკეანისპირა ევროპული ქვეყნების კლიმატზეც.
გოლფსტრიმის თბილი წყლები ათბობს ჰაერის მასებს, რომლებიც დასავლეთის ქარებს გადააქვს ევროპის სანაპიროებისაკენ და იწვევს ტემპერატურის გადახრას საშუალო განედური სიდიდეებიდან. იანვარში ნორვეგიის სანაპიროებთან ეს გადახრა 15-20° შეადგენს, მურმანსკთან 11° და მეტს.