"საქართველოში სტუმრად მყოფი რუსი ბაიკერების საქციელი ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია"

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ფაქტია, "გიორგიევსკი ბაფთები" რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან ასოცირდება

"საქართველოში სტუმრად მყოფი რუსი ბაიკერების საქციელი ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია.

მივესალმებით რა ნებისმიერი სამოქალაქო ტრანსპორტით ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც, ჩვენ ველით მათი მხრიდან შესაბამის ცივილიზებულ და ადეკვატურ საქციელს.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად წარმოადგენს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაარსებული და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს აღდგენილი "გიორგიევსკი ბაფთები" კომუნისტურ სიმბოლიკას, არამედ თუ როგორ აღიქვამს მას ჩვენი საზოგადოება. მოგეხსენებათ, გარდა დაწერილი კანონებისა, არსებობს დაუწერელი კანონი, რომ სტუმარმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას. ფაქტია, რომ ჩვენში ეს ბაფთები ასოცირდება არა მეორე მსოფლიო ომში გამაჯვების 70 წლისთავთან, არამედ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან.

რუსი ბაიკერების შემთხვევაში ეს მომენტი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებითაც, რომ ბოლო ხანს მათ მიერ "გიორგიევსკი ბაფთების" დემონსტრაციულმა აფიშირებამ უკმაყოფილება გამოიწვია ევროპის რიგ ქვეყნებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საზოგადოება არ აყვა რუსი ბაიკერების ამ გამომწვევ საქციელს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომდევნო დღეებშიც ასე იქნება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.