ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა თავისი მესამე, მიმდინარე ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ანგარიში მოიცავს ძალიან დადებით შეფასებას ევროკომისიის მხრიდან იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის, რომელსაც საქართველომ მიაღწია ძალიან მცირე პერიოდში.
როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ დაიცვა ის სამიზნე ამოცანები, რომელიც განსაზღვრული იყო სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპისთვის.
ჰერმანის განცხადებით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ ის საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩო, ის ინსტიტუციონალური და საორგანიზაციო პრაქტიკები, რომელიც ჩამოაყალიბა საქართველომ ოთხი ძირითადი ბლოკის მიმართულებით, ძირითადად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ზოგჯერ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებსაც კი.
"საქართველო ძალიან ახლოს არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ძირითადი სამიზნე ამოცანების განხორციელებასთან, უსაფრთხო და მაქსიმალურად ეფექტური ფორმით. ამჟამად საქართველომ უნდა მოაგვაროს დარჩენილი რეკომენდაციების განხორციელების საკითხი მომავალი შეფასების ჩატარებამდე, რომელიც იქნება წლის ბოლოსკენ. მოგეხსენებათ, ევროკომისიის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეფასება ტექნიკური პროცესია და აქედან გამომდინარე, რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ევროკომისიის შეფასებით, სამიზნე ამოცანები სრულად შესრულდა ექვსი მიმართულებით. ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, ინტეგრირებული საზღვრის მართვა, ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა, იურიდიული თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებზე, მონაცემების დაცვა, გადაადგილების თავისუფლება და ასევე პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია სამგზავრო და იდენტიფიცირების დოკუმენტების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის რეკომენდაციები, რომლებიც სრულად შესრულდა. არის ასევე ის სამიზნე ამოცანები, რომლებიც თითქმის სრულად არის შესრულებული. ეს არის მინიმალური რაოდენობის და არის ოთხი მიმართულება. სადაც სამიზნე ამოცანები თითქმის შესრულებულია. ესენი არის მიგრაციის მენეჯმენტი, ფულის გათეთრება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის და მოქალაქეების უფლებები", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისივე თქმით, რჩება ამოცანები, რომლებიც ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ აქაც ძალიან კარგი პერსპექტივებია მათ დასასრულებლად.
ელჩის განცხადებით, ეს რეკომენდაციები არის თავშესაფრის მაძიებლების საკითხი, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ნარკობიზნესთან ბრძოლა და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ელჩმა აღნიშნა, რომ გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზადაა, გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა იმ ნიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც წინამდებარე ანგარიშში და სამუშაო დოკუმენტშია აღწერილი.