"ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება და 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა გეგმას 140 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალ დონეს ეფუძნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

"მარტში 12.5 პროცენტით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში: 2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა - 11 ათასი ადამიანით. სამშენებლო სექტორის აქტივობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 20 პროცენტით; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგიონის მასშტაბით უკეთესი ვითარებაა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან პერიოდში მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას, ადმინისტრაციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერის, სპეციალური პროექტების გზით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს მილიარდ 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა. ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. 2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ; ასევე, 2013 წელთან შედარებით 78 პროცენტით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები; სულ ახლახან დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოუტანს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20.5 პროცენტით, ევროკავშირთან - 76 პროცენტით, რუსეთთან კი - დაახლოებით 6-ჯერ 487.5 პროცენტით.

"მე მესმის, რომ შეიძლება ჩვენი ოპონენტებისთვის ამის მოსმენა არ იყოს სასიამოვნო სუბიექტური მიზეზის გამო, მაგრამ ეს არის რეალობა. მთავარი ის არის, რომ ეს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს მთავრობის მეთაური.