პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა.
ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე და ასე შემდეგ, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს და რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა, შეუქცევადია. სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის. ახლა მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა. ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას. გავაგრძელებთ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს; გავუადვილებთ საქმიანობას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წარმატების რეალური შესაძლებლობები",-განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს არჩევანი ევროპული დემოკრატიაა, სადაც თავისუფლება და ადამიანის უფლებები გარანტირებულია, სადაც ეკონომიკა ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ გარემოში ვითარდება, სადაც სოციალური თანასწორობა და ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება მნიშვნელოვანია.
"ჩვენი მთავრობა დგამს თანამიმდევრულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით მშვიდი, უსაფრთხო და სტაბილური. და მე მჯერა, რომ ამას მივაღწევთ",-აღნიშნა პრემიერმა