საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თედო ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას თავს კარგად გაართმევს.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავდაცვის უწყების წინ დიდი ამოცანები დგას და თინა ხიდაშელს სამენეჯერო თვისებების გამოვლენა მოუწევს.
,,მნიშვნელოვანი მოვლენაა. თინა ხიდაშელი ენერგიული და გამოცდილი პოლიტიკოსია. ის გადადის ახალ ამპლუაში და გახდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალი, სადაც მას დასჭირდება სამენეჯერო თვისებების გამოვლინება. რთული, მნიშვნელოვანი უწყებაა. ძალიან რთული ამოცანებია ამ უწყების წინ და რა თქმა უნდა, ვინაიდან მე საგარეო პოლიტიკასთან მაქვს შეხება, ნატოსთან ურთიერთობები მაქვს მხედველობაში, დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი იმ გამოცდილებიდან, რომელიც გააჩნია თავს გაართმევს ამ ახალ საქმეს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მოიაზრება.