უკრაინაში მშვიდობა მაშინ დაისადგურებს, როდესაც ყირიმი და დონბასი ქვეყანას დაუბრუნდება, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინულ ტელეარხ СТБ-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"რამდენი ხანი დასჭირდება ამას? რამდენიც საჭირო იქნება", - აღნიშნა პოროშენკომ.
მისივე თქმით, ამ კუთხით მთავრობა უკომპრომისო იქნება. უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის დამყარების ოპტიმალურ სცენარად საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას განიხილავს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა ტყვეს გათავისუფლება და ეუთო-ს დამკვირვებლებისათვის კონფლიქტის ზონაში შეშვება.
"როდესაც უკრაინაში აღარ იქნება საოკუპაციო ძალები, მორიგების საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში, ვინაიდან ჩვენ არაფერი გვყოფს ერთმანეთისგან. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელი ერი, სახელმწიფო და ხალხი არასოდეს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორიც დღესაა. მოსაზრება რომ უკრაინა გახლეჩილია და საჭიროა შერიგება - უსამართლოა. საერთო აზრამდე უკრაინელები ძალიან სწრაფად მივლენ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი ამ დრომდე არაერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს მოსკოვი ბოლომდე დაიცავს.